weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

აზერბაიჯანს დავით გარეჯზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს - უზეირ ჯაფაროვი

00:20 პარასკევი, 10 მარტი 2017 hits 1895

„საქართველო დათანხმდება, რომ აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს. ამის გარდა, ეს ზონა სტრატეგიულ სიმაღლეს წარმოადგენს და მასზე უარს ვერ ვიტყვით“, - ამის შესახებ Echo.az-თან ინტერვიუში აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა ისაუბრა.

ჯაფაროვის განმარტებით, საქართველოს ესმის, რომ აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არასდროს დამდგარა მწვავე საკითხები, მათ შორის ტერიტორიული, გარდა ქეშიშ-დაღასი, ანუ როგორც მას საქართველოში უწოდებენ - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის.

საქართველო დათანხმდება, რომ აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს. ამის გარდა, ეს ზონა სტრატეგიულ სიმაღლეს წარმოადგენს და მასზე უარს ვერ ვიტყვით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს, სომხეთის ან სხვა მეზობელი ქვეყნის მიწებზე, მაგრამ რაც ჩვენია, არავის დავუთმობთ“, - აღნიშნავს ჯაფაროვი.

აზერბაიჯანის პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის მუბარიზ აჰმედოღლუს თქმით, დავით გარეჯის არქიტექტურული კომპლექსის სანაცვლოდ ქართული მხარე ბაქოს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს სთავაზობს. თუმცა, მისივე თქმით, აზერბაიჯანის მთავრობა ამ პირობას არ დათანხმდება.

„ჩვენ ვერ შევძლებთ უარი ვთქვათ ისტორიულ ობიექტზე, რომელიც ადასტურებს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც შეეხო. სწორი იქნება, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პრეტენზიებზე და ამით აჩვენოს, თუ როგორ სცემს პატივს აზერბაიჯანში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიას. ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, რომ ამ მოლაპარაკებებს პოლიტიკური ელფერი არ მიეცეს და კონფლიქტურ მდგომარეობამდე არ მივიდეს”, - განაცხადა აჰმედოღლუმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 1995 წლიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ორი მხარის შესაბამისი კომისიების მიერ შეთანხმდა საზღვრის (458 კმ) დაახლოებით 66%, ხოლო დანარჩენ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებებს ორივე მხრიდან აწარმოებს სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიები, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების თავმჯდომარეობით, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს მხარის კომისიის შემადგენლობის განახლება, რის შემდეგ მუშაობის პროცესი განახლდება. რაც შეეხება ტერიტორიების მოცვლის საკითხს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ეს მიღებული ფორმაა, თუმცაღა ამ ეტაპზე დღის წესრიგში მსგავსი მოცვლის საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ დაარსდა. ის თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოში მოვიდა და პატარა ბუნებრივ მღვიმეში დაიდო ბინა. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]