weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

ადვოკატის თქმით, აზერბაიჯანში ჟურნალისტი ნიჯათ ამირასლანოვი აწამეს

01:58 სამშაბათი, 06 ივნისი 2017 hits 1762
ჟურნალისტი ნიჯათ ამირასლანოვი ჟურნალისტი ნიჯათ ამირასლანოვი

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნიჯათ ამირასლანოვის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აწამეს, რის შედეგადაც მან თითქმის ყველა კბილი დაკარგა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 22 მაისს დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ელჩინ სადიგოვის ინფორმაციით, ნიჯათ ამირასლანოვს, 3 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა და ბრალის აღიარება აიძულეს.

ადვოკატის განცხადებით, მან შეამჩნია თუ როგორ კარნახობდა რაღაცას მოსამართლის თანაშემწე ამირასლანოვს და ეჭვობს, რომ მის კლიენტს სამართალდარღვევის აღიარება მოსთხოვეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილოვამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, თუმცა რას ეუბნებიან ბრალდებულს, მის გარჩევა შეუძლებელია.

ადვოკატის თქმით, როდესაც მან და ხადიჯა ისმაილოვამ ამირასლანოვი სასამართლო დარბაზში ნახეს, კბილები აღარ ჰქოდნა. ვიდეოჩანაწერში ისმაილოვა ნიჯათს ეკითხება, თუ რა მოუვიდა მის კბილებს.

"აშკარა იყო, რომ ნიჯათი შეაშინეს. მას ჩვენთვის პასუხის გაცემა არ შეეძლო, თუმცა ეს პასუხები მის თვალებში ჩანდა. თავად ფაქტი, რომ მას ადვოკატთან ცალკე შეხვედრის უფლება არ მისცეს, მეტყველებს იმაზე, რომ აწამეს და დააშინეს. მას ხელები უკანკალებდა და საწერი კალმის დაჭერასაც ვერ ახერხებდა", - ამბობს ხადიჯა ისმაილოვა "კავკაზსკი უზელთან" საუბარში.

ადვოკატი ელჩინ სადიგოვი ამ ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. მისი განცხადებით, თუ ნიჯათ ამირასლანოვი თანახმა იქნება, მზად არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს.

ამირასლანოვის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვით აზერბაიჯანის ხელისუფლებას ნიუ-იორკში ბაზირებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" (Committee to Protect Journalists) მიმართა. ორგანიზაციის მიერ 24 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიჯათ ამირასლანოვი ქალაქ გაზახში აზერბაიჯანის ხელისუფელების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი. ის ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებებისთვის მუშაობდა და ძირითადად მაღალჩინოსნების კორუფციაზე წერდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს შეწყვიტოს ყალბი ბრალდებებით ჟურნალისტების დაკავების პრაქტიკა", - უთხრა "კავკაზსკი უზელს" "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი, რომელსაც 2003 წლიდან ილჰამ ალიევი მართავს, მუდმივად იმსახურებს დასავლური სახელმწიფოების კრიტიკას დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების დევნის გამო.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2015 წლიდან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლიც დააკავა. 31 მაისს კი ადგილობრივმა სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის ბრალი აზერაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედება. როგორც ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახი აცხადებენ, ის თბილისიდან არის გატაცებული.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]