weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სასამართლომ ისტორიული გალავნის დამახინჯებისთვის სიღნაღის მერია არ დააჯარიმა

15:05 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ისტორიული გალავნის იერსახის დამახინჯებისთვის 12 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა მხოლოდ კომპანია „ინსტალ პლუსს“ დააკისრა, მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ კი ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლე პაატა ნოზაძემ დღეს გამოაცხადა, სამოტივაციო ნაწილი მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ.

„მოსამართლემ გადაწყვეტილება ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო. წარვადგინეთ პროექტი, ასევე ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინსტალ პლუსსთან“ დადებული ხელშეკრულება, რომელიც მხოლოდ დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას გულისხმობდა. ციხის გალვნისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ მასში არაფერია ნათქვამი. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა შეადგინა, ხარვეზიანი იყო. დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, - უთხრა „რეგინფოს“ სიღნაღის მერიის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ია პაპუაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ჩვენ ისევ იმ პოზიციაზე ვრჩებით, რის საფუძველზეც ოქმი შევადგინეთ. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და პროექტის განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარმართა, რაც კანონის უხეში დარღვევაა“, - ამბობს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

სიღნაღის ისტორიული გალავნის კარიბჭე რამდენიმე დღის წინ დაამახინჯეს. სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა სააგენტო „რეგინფოს“, 10 ოქტომბერს უთხრა, რომ გალავნის დამახინჯება არ მომხდარა. „დღესაც ვნახე ეგ მშენებლობა. ეგ არის მიშენება, ტურისტულ ბილიკზე ასასვლელი. ადრეც ასე იყო, ახლა განახლება მოხდა და შევალამაზეთ. რა, ქვებით ხომ არ ავაშენებდი? შეიძლება თქვენთვის არის სიმახინჯე, მაგრამ ჩემთვის არ არის“.

ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის ხელყოფისთვის სიღნაღის მერიისა და კომპანია „ინსტალ პლუსის“ მიმართ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შედგა. აღნიშნული მუხლი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს და 12 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ძეგლის სარესტავრაციოდ სიღნაღის მერიას 6-თვიანი ვადა მისცა. მერიამ ძეგლისთვის „ინსტალ პლუსის“ მიერ მიყენებული ყველა ის ხარვეზი უნდა აღმოფხვრას, რომელიც ისტორიული გალავნის მოცემულ მონაკვეთს სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]