weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრიუმფატორი მიუზიკლი La La Land გახდა

10:52 ორშაბათი, 09 იანვარი 2017

ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო დაჯილდოების 74-ე ცერემონია გაიმართა. „ოსკარების გენერალურ რეპეტიციად“ წოდებულ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) მართავს, მიუზიკლმა La La Land ყველაზე მეტი, 7 ჯილდო მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ფილმი ოქროს გლობუსის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთ ცერემონიაზე.

ახალგაზრდა რეჟისორის, დამიენ შაზელის მიუზიკლი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და შვიდივე ჯილდოს მოპოვება შეძლო, მათ შორის წლის საუკეთესო კომედია/მიუზიკლ ფილმისა. შაზელმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში. ფილმის მსახიობთა დუეტი, რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი კი საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ კომედიურ ან მიუზიკლ ფილმში.

რაც შეეხება წლის საუკეთესო დრამატულ ფილმს, აღნიშნული წოდება ოქროს გლობუსმა „მთვარის შუქს“ მიანიჭა. რეჟისორ ბარი ჯენკინსის აფროამერიკელთა შესახებ შექმნილმა სოციალურმა დრამამ ამ კატეგორიაში მთავარ კონკურენტს, კენეტ ლონერგანის ფილმს „მანჩესტერი ზღვით“ აჯობა.

გარკვეულწილად სიურპრიზად შეფასდა 2016 წლის ერთ-ერთი გახმაურებული ფილმის, რეჟისორ პოლ ვერჰუვენის ფრანგულენოვანი დრამა Elle-ის გამარჯვება ორ ნომინაციაში - ქალის მთავარ დრამატულ როლსა და საუკეთესო უცხოენოვან ფილმში.

სესილ დე მილის სახელობის პრიზი კინემატოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის, ოქროს გლობუსის რვაგზის გამარჯვებულ მერილ სტრიპს გადაეცა.

2016 წლის მხატვრულ ფილმთა ნომინაცებში გამარჯვებულთა ვინაობა ასეთია:

საუკეთესო დრამატული ფილმი - Moonlight

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი ფილმი - La La Land

საუკეთესო რეჟისორი - დამიენ შაზელი (La La Land)

საუკეთესო სცენარი - დამიენ შაზელი (La La Land)

მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლი - კეისი აფლექი (Manchester by the Sea)

მამაკაცის საუკეთესო როლი კომედია/მიუზიკლში - რაიან გოსლინგი (La La Land)

ქალის საუკეთესო დრამატული როლი - იზაბელ იუპერი (Elle)

ქალის საუკეთესო როლი კომედია/მიუზიკლში - ემა სტოუნი (La La Land)

მამაკაცის მეროეხარისხოვანი როლი - აარონ ტეილორ-ჯონსონი (Nocturnal Animals)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი - ვაიოლა დევისი (Fences)

საუკეთესო ორიგინალი მუსიკა - ჯასტინ ჰურვიცი (La La Land)

საუკეთესო ორიგინალი სიმღერა - ჯასტინ ჰურვიცი - “City of Stars” (La La Land)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Zootopia

საუკეთესო უცხოური ფილმი - Elle (საფრანგეთი, რეჟ. პოლ ვერჰუვენი)

2017 წლის ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო ფილმებისა და სერიალების ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]