weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დღეს თელავში ივანე იანტბელიძის ვარსკვლავი გაიხსნება

11:57 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი საზეიმო ღონისძიებებს უმასპინძლებს. ღონისძიებებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, 17:00 საათზე დაგეგმილია ამავე თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერისა და თელავის საპატიო მოქალაქის ივანე იანტბელიძის 65 წლის საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა.

გარდა ამისა, მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცემა. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაშია ივანე იანტბელიძის ბენეფისი „მონოლოგი“, ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „258 წლის თელავის თეატრი“ და გია ცქიტიშვილის წიგნის „ბერიკა-მსახიობელი“ პრეზენტაციები, ასევე საქართველოს თეატრალური საზოგადოების სახელობითი პრემიებით დაჯილდოების ცერემონია.

ივანე (ვანო) იანტბელიძეს თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში განსახიერებული აქვს 100-ზე მეტი როლი. მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების ოთხი პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ასევე, პრემია „დურუჯი“.

რაც შეეხება ქართული თეატრის დღეს, ქართული პროფესიული თეატრი პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა დააარსა. მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა. ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა „გაყრა“. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]