weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აჭარულ ბორანოს შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

16:42 შაბათი, 09 თებერვალი 2019

აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გაავრცელა.

ბორანოსთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

„მთის ამბების“ მიხედვით, ბორანოს, იგივე ჭინჭიხას, აჭარული სამზარეულოს დელიკატესად მიიჩნევენ. მის მოსამზადებლად წინასწარ დაჭრილ ყველს ცხელ წყალს ასხამენ და ცოტა ხნით აჩერებენ, რომ დარბილდეს, შეერთდეს და კერძის გადაღებისას ყველი კარგად გაიწელოს.

„რაც უფრო წელვადია ყველი, მით უფრო მეტი პატივისცემა იკითხება მასპინძლისგან. დარბილებულ ყველს წყალს მოუწურავენ და გამდნარ კარაქს ასხამენ. თუ კარაქი დაგეწვა, ბორანოს იდეა ჩავარდნილია.

კიდევ ორნაირი ბორანო არსებობს - ნაღების, როცა კარაქის ნაცვლად, გაცხელებულ ნაღებში ყველს ყრიან და სურვილისამებრ, მწვანე ხახვს აჭრიან, და კარტოფილის - როცა ყველს მოხარშული და ჩაზელილი კარტოფილი ემატება და ზედ ისევ გამდნარი კარაქი ესხმება. ნაღების ბორანოს ნაღბიბორანს ეძახიან. აჭარულ დიალექტში ნათესაობით ბრუნვას მაინცდამაინც არ ცნობენ, ამიტომ არის ნაღბიბორანი და არა ნაღბის ბორანი“, – აღნიშნულია „მთის ამბების“ სტატიაში, რომელიც მთიანი აჭარის სამზარეულოს ეხება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ხაჭაპურის ტრადიციას მიენიჭა. სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე გამოსცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]