weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ები გაერთიანდება

14:17 შაბათი, 04 მაისი 2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.

მცირე დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და ერთ ორგანიზაციად გაერთიანდებიან.

„ცვლილებების შედეგად სსიპ „ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმს“: ეროვნული მუზეუმი დღესდღეობით წარმოადგენს სამუზეუმო სფეროში არსებულ მძლავრ ინსტიტუციას, რომელსაც გააჩნია ფინანსური და ადამიანური რესურსი ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორებიცაა სამუზეუმო კონცეფციების შემუშავება, ექსპოზიციების მოდერნიზება და სხვა. ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კოლხური კულტურის არტეფაქტების უდიდესი ნაწილი, მის შემადგენლობაშია ასევე ამ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ვანის ნაქალაქარი, შესაბამისად, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ეროვნული მუზეუმის სტრუქტურაში გაერთიანება მიზანშეწონილია როგორც სამეცნიერო, ასევე, ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თემატურად ერთიანდებიან სსიპები - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციები, თვისებრივად წარმოადგენს საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციების იდენტურს ან მათ გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ამ კოლექციების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს სათანადო კვლევას, შესწავლასა და პოპულარიზაციას.

მუსიკალური საკრავების მუზეუმი 1970-იან წლებამდე წარმოადგენდა ხელოვნების სასახლის ერთ-ერთ განყოფილებას. როგორც ცნობილია, ხელოვნურად მოხდა მუზეუმის, და შესაბამისად კოლექციების გაყოფაც. აქედან გამომდინარე, საკრავების, მათი ისტორიისა და მნიშვნელობის შესწავლისათვის გაცილებით ეფექტური იქნება სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობის აღდგენა.

სსიპ „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“:საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან მუზეუმების ასოცირება საქართველოში შედარებით ახალი პრაქტიკაა. საერთაშორისო მოდელის მიხედვით კი ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადადგმულია. ამის საუკეთესო მაგალითებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსტიტეტები წარმოადგენენ. სწორი მართვისა და ფუნქციების გადანაწილების შედეგად, ხელი შეეწყობა მუზეუმების საგანმანათლებლო ფუნქციების გაძლიერებასა და მათ ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში.

სსიპ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება: ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.

2017 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის ადმინისტრირებისა და დაფინანსების ყველაზე ეფექტიანი ახალი მოდელის შემუშავებისათვის მოიწვია ევროკავშირის ექსპერტი კულტურის მენეჯმენტში - ტერი სანდელი, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს შესთავაზა კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზები, რისთვისაც ერთ-ერთ სასურველ ფაქტორად მიჩნეულია სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ ორგანიზაციების გამსხვილება, მათი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და დამოუკიდებელი საქმიანობის ხელშეწყობა, ან არსებული ორგანიზაციების ბაზაზე ცალკეული დარგების/სექტორების მიხედვით ქოლგა ორგანიზაციის შექმნა.

შესაბამისად, „კულტურის სატრატეგია 2025-ში“ მოცემული პრიორიტეტებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მენეჯერის ტერი სანდელის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ორგანიზაციების, გამსხვილება, რაც ემსახურება კულტურის სექტორში წარმომადგენლობითი/ქოლგა ორგანიზაციების შექმნისა და გაძლიერების მხარდაჭერას“,– ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]