weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

ალაზნის ველზე ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოჩნდა

15:10 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 hits 4876
ეროვნული მუზეუმის ფოტო ეროვნული მუზეუმის ფოტო

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.

ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის  სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.