weather cur horoscope tv
ივლისი 10, 2020

ლახამულას მე-12 საუკუნის სახარებას რესტავრაცია ჩაუტარდება

23:00 ორშაბათი, 25 მაისი 2020 hits 2001

ზემო სვანეთში, ლახამულას წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულ მე-12 საუკუნის სახარებას, ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება. 8 საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს.

სოფელ ლახამულას რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

იმ 18 თვის განმავლობაში, რომელიც ოთხთავის რესტავრაციას სჭირდება, ლახამულელებს და მეზობელი თემების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასურველ დროს არქივს ეწვიონ და რესტავრაციის პროცესს დააკვირდნენ.

სამუშაოებს საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები შეასრულებენ. ლაბორატორია 1942-43 წლებში დაარსდა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი თანამედროვე ევროპული სტანდარტის სარესტავრაციო ცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ეროვნული არქივის რესტავრატორებმა იმუშავეს ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა: ანჩის სახარება, დავით აღმაშენებლის ანდერძი, არაერთი სხვა, ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული საბუთი და ხელნაწერი.

რესტავრაციის პერიოდში მოხდება ლახამულას ოთხთავის დეზინფექცია, მშრალი და სველი წესით დამუშავება, შეკეთება თანამედროვე მასალის გამოყენებით. ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც დოკუმენტების რესტავრაციისას გამოიყენება, აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს დოკუმენტს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.

სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აცილებდა.

ლახამულის ოთხთავი მე-12 საუკუნის ძეგლია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის აფაქიძეთა ფეოდალური სახლის შესახებ. ეტრატის ფურცლებზე შესრულებულია 3 მინაწერი დოკუმენტი, რომლებიც მე-15 საუკუნეს მიეკუთვნება და შეიცავს ცნობებს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]