weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ადიგენში ადგილობრივებმა გზის სამუშაოებისას ფურნეები აღმოაჩინეს

18:23 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ადგილობრივებმა, გზის გაფართოების სამუშაოების წარმოებისას, აღმოაჩინეს თლილი დეკორირებული ქვებით ნაშენი ფურნეები, რომლებიც ერთმანეთის გასწვრივ დაახლოებით ექვსი მეტრით დაშორებული საცხობებისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

გომაროში ადიგენის მერის წარმომადგენელმა ამირან მიქელაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ფურნეების აღმოჩენის შემდეგ, სამუშაოები შეაჩერეს და მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობეს.

„ჩემი მოკვლევით, აქ ადრე თურქი მესხები ცხოვრობდნენ და გაასახლეს, თუმცა აქ ნასახლარები იმ დროსაც არ იყო. ესე იგი, ფურნე უფრო ადრინდელია. 1944-45 წლებში იმერეთიდან ორი კომლი ჩამოსახლდა, მოგვიანებით - 54-56 წლებში კი აჭარელი მოსახლეობა, მათაც რომ ვკითხეთ არაფერი იციან“, - განუცხადა „რეგინფოს“ ამირან მიქელაძემ და აღნიშნა, რომ იქვე აღმოჩენილია თიხის ჭურჭელიც.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მსგავსი აღმოჩენა ამ დასახლებაში პირველად მოხდა: „სავარაუდოდ უნდა იყოს გარედან ბუხარი და უკან საცხობი, ანუ ბუხრის ცეცხლით თბებოდა ფურნე. სიგრძეზე არის სამი ფურნე, დაახლოებით 6-7 მეტრი დისტანციის დაშორებით“.

მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიურ ობიექტს დაახლოებით ერთი თვის წინ მიაკვლიეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია დღემდე არ ჰქონდა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ არქეოლოგიური ზედამხედველობის ჯგუფი ობიექტს ადგილზე დაათვალიერებს და მის სამომავლო პერსპექტივას გადაწყვეტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]