weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხარაგაულში გადაღებული ფილმი „გვირაბი“ მონტენეგროს კინოფესტივალის გამარჯვებულია

23:34 შაბათი, 27 ივნისი 2020

ქართველი რეჟისორების - ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „გვირაბი“ საერთაშორისო კინოფესტივალზე Underhill Fest „საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნული კინოფესტივალი ყოველწლიურად მონტენეგროში იმართება და სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს ეძღვნება, რომლებიც იდეებით, ინოვაციურობითა და ამბების მნიშვნელობით გამოირჩევიან.

ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, სადაც პატარა სოფლების – ზვარესა და მოლითის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - რკინიგზის მშენებლობა, რომელმაც ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს. 

ფილმის გადაღება 2014 წელს დაიწყო. ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობდნენ, რომ მათი ყურადღება ხარაგაულში არსებულმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მოლოდინმა მიიპყრო. მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი რაღაც მომენტში აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვიდოდა ერთმანეთთან.

„თავიდან კონკრეტულად არ ვიცოდით, რა კონფლიქტებს წავაწყდებოდით. ლანდშაფტმა და რამდენიმე ჩინურმა წარწერამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება. დიახ, გარკვეულწილად გვესმოდა, რომ ეს იყო ძალიან ავთენტური გარემო, მძიმე სოციალური ფონით, სადაც დიდი მოლოდინების პარალელური სამყარო არსებობდა: ახალი რკინიგზა, ჩქაროსნული მატარებელი, სურვილი, გახდე დიდი სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი.

გადაღებები დავიწყეთ და ნელ-ნელა ჩვენ თვალწინ უამრავი რამ შეიცვალა: ჩინელი მშენებელები ჩამოვიდნენ; აღმოჩნდა, რომ გეოლოგიური კვლევები სრულფასოვნად არ იყო ჩატარებული, მეწყერი ჩამოწვა. მერე გაირკვა, რომ სადგურ „მოლეთის“ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი დანგრევა არ შეიძლებოდა. ადამიანები ხუთი წლის განმავლობაში ელოდნენ, რომ მათი სახლები დაინგრეოდა, თუმცა, საბოლოოდ, რკინიგზის მარშრუტი შეიცვალა და ახლა საფრთხე სხვა სახლებს დაემუქრა. ყველაფერ ამასთან ერთად, ადგილობრივებსა და ჩინელ მშენებლებს შორის ენობრივი ბარიერი კიდევ უფრო დიდ არეულობას ქმნიდა“, – ამბობს ნინო ორჯონიკიძე. 

მისივე თქმით,ფილმს ერთი მთავარი გმირი არ ჰყავს და ის იმ ადამიანებზეა, რომლებიც არ მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებაში: „ფილმის პერსონაჟები ცდილობენ დამოუკიდებლად გაიაზრონ, უფრო კი გამოიცნონ, თუ რა იქნება ხვალ, რადგან ამის შესახებ მათ არავინ აწვდის ზუსტ ინფორმაციას. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ რაიმე შეიცვლება, თუმცა, ამავდროულად, ეშინიათ, რომ „ისტორიული პროექტი“ ერთ დღეს მათ სახლებსაც მიადგება“.

რეჟისორები რკინიგზის გახსნას 6 წელი უშედეგოდ ელოდნენ და ბოლოს, ფილმი გვირაბში, სიბნელეში დაასრულეს. რაც შეეხება ქვეყნის მთავარი სარკინიგზო მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მისი დასრულება 2021 წლისთვის გადავადდა. 

„დარწმუნებული ვართ, რომ ფილმი „გვირაბი“ მომავალი თაობებისთვის დარჩება მნიშვნელოვან ისტორიულ მასალად,
რომელიც, ერთი შეხედვით მარტივი თხრობით, ხსნის 21-ე საუკუნის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს“
, – განაცხადა Underhill Fest-ის ჟიურიმ ქართველი რეჟისორების ნამუშევარის შესახებ.

„გვირაბის“ მსოფლიო პრემიერა 2019 წელს, ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) შედგა. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]