weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

უნებართვო სამუშაოების შედეგად ეკლესიაში მე-19 საუკუნის საფლავები გაანადგურეს

23:40 კვირა, 19 ივლისი 2020

თბილისში, ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათზე დატანილი წარწერები გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ძეგლის დაზიანებას ადასტურებენ.

ფოტომასალიდან ჩანს, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეკლესიაში იატაკი აყარეს და სავარაუდოდ, მეტლახი იმ ადგილებზეც დააგეს, სადაც საფლავები იყო.

„წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი - ბაღდო) არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში:

1) აღნიშნული კადნიერებისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.

2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება“, - დაწერა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა სოციალურ ქსელში.

თეოლოგს მიაჩნია, რომ ძეგლისა და საფლავების განადგურებისთვის სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ხოლო დეკანოზ ისე არხოზიშვილს მღვდელმსახურება აეკრძალოს.

„გადადგეს ალავერდელი მიტროპილიტი დავითი საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის დე-ფაქტო ხელმძღვანელობიდან, როგორც უუნარო და უნიათო დაკისრებული მოვალეობისადმი… გათავისუფლდეს ვანდალი და უმეცარი დეკანოზი ისე არხოზიშვილი გრემის სასულიერო სემინარიის პროფესორის თანამდებობიდან. საინტერესოა რას ასწავლის მომავალ მღვდლებს საფლავთა მაოხრებელი, უტილიტარი და ვაიდეკანოზი, საფლავთა განადგურება-წაბილწვას, ახირებული ამბიციებით ტკბობას, თუ ტაძრების ისტორიული სახის წაშლას?!“ - აცხადებს თეოლოგი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლზე სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევით ჩატარდა, შესაბამისად, არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების დიდი ალბათობა. სააგენტოს სპეციალისტები დაზიანების ხარისხის დასადგენად მუშაობას ხვალ, 20 ივლისს დაიწყებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]