weather cur horoscope tv
მაისი 21, 2024

სოფელ ამღის რესტავრაციას 2021 წელს „ქართუ“ დაიწყებს – სუბარი

19:03 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხევსურეთში, არხოტის ხეობაში სოფელ ამღის რესტავრაცია 2021 წელს დაიწყება.

როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რესტავრაციის პროექტს ფონდი „ქართუ“ განახორციელებს.

„მომავალ წელს უნდა დაიწყოს ამღის რესტავრაცია. ეს არის არხოტი, ხევსურეთი. 1987 წლიდან, პირველად მაშინ მივხვდი ამ სოფელში, ვოცნებობდი, რომ არხოტის აღორძინება მომხდარიყო და მომავალ წელს, ფონდი „ქართუ“ იწყებს ამღის აღორძინებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს ამ პროექტისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოფელ ამღის რეაბილიტაციის პირობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წელს, ხევსურეთში ვიზიტის დროს დადო. როგორც ის აცხადებდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და 20 მნიშვნელოვანი ნაგებობის აღდგენა იგეგმებოდა.

ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია და საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს. მის გადასარჩენად ადვოკატირების კამპანია ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ 2019 წელს განახორციელა. რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. კამპანიის ფარგლებში, მომზადდა მოკლე ვიდეოები ჰეშთეგით #გადავარჩინოთამღა, რომლებშიც არხოტიონები, ფოლკლორისტები და ექსპერტები სოფელ ამღის გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]