weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

UNESCO-ს ექსპერტები გელათში მხატვრობის დაზიანებას და სახურავის ხარვეზების შეისწავლიან

18:41 სამშაბათი, 22 ივნისი 2021

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოდის და გელათის ძირითად ტაძარში როგორც კედლის მხატვრობის დაზიანების, ასევე სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკის მიზნით მუშაობას ხვალ, 23 ივნისს დაიწყებს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება.

„სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად - გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რაც უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას მისცემთ.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, UNESCO-ს ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი და მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]