weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გრემის ტაძარში სავარაუდოდ კახეთის მეფე ლევანის აკლდამა და ნეშტი აღმოაჩინეს

16:47 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში სავარაუდოდ კახეთის მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამას მიაკვლია. ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის – ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა, რომლშიც ორსაფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ.

აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.

„გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდიდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტებისა და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში“, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

ლევან ბაგრატიონმა ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში 1518-1574 წლებში მეფობდა. მის პერიოდს უკავშირდება კახეთის სამეფოს გაძლიერება და ქალაქ გრემის დაწინაურება. 1565 წელს ლევან მეფემ გრემის მთავარანგელოზთა ჯვაროვან-გუბათოავანი ტაძარი ააგო.

„ისტორიული წყაროების და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, ვინაიდან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მათივე ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამუშაოებს მხარს უჭერენ საქართველოს საპატრიარქო და ნეკრესის ეპარქია, ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები და აგრეთვე საინიციატივო ჯგუფი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]