weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მთავრობამ სტურუას 1500 კვ.მ. მიწა აჩუქა – „სახელმწიფომ მისი ღვაწლი დააფასა“

20:57 კვირა, 06 თებერვალი 2022

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს, რობერტ სტურუას თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ ნაგებობა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა. რამდენიმე კვირაში სტურუამ ქონება გააჩუქა, ახალმა მესაკუთრემ კი გაყიდა. ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სტურუასთვის სახელმწიფო ქონების გადაცემა „სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის ღვაწლის დაფასება“ იყო.

როგორც სააგენტო განმარტავს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროს სახელზე.

„რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით.

რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა.

ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება.

რობერტ სტურუას შემოქმედება 180-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის. დადგმული აქვს ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“ და სხვა. მისი სპექტაკლები შესულია მე-20 საუკუნის მსოფლიო დადგმათა ოქროს ფონდში. მის მიერ დადგმული „რიჩარდ მესამე“ მსოფლიო პოლიტიკურ დადგმათა ათეულშია შესული, „მეფე ლირი“- ბრიტანეთის აკადემიის მიერ შეტანილია შექსპირის დადგმების ისტორიის სახელმძღვანელოში, ხოლო „ჰამლეტი“ „შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ“ შეიტანა მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის „ჰამლეტის“ საუკეთესო დადგმათა ათეულში“, – ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რობერტ სტურუას თბილისში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩა N 2-ში მდებარე 1500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მშენებარე ნაგებობა საკუთრებაში 2021 წლის 16 ნოემბერს გადაეცა. 2012 წლიდან ეს ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე იყო. ნოემბრის ბოლოს სტურუამ ქონება მოქალაქე როინ ნოზაძეს აჩუქა, რომელიც მანამდე, ქონების რეგისტრაციის პროცესში, მისი წარმომადგენელი იყო. 2 დეკემბერს ნოზაძემ აღნიშნული ქონება შპს „ჯეო-ოლიპს“ მიჰყიდა.

რობერტ სტურუასთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, შპს „ჯეო-ოლიმპმა“ ქონების სანაცვლოდ 221 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხი, მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, სააგენტოს კომპეტენციას აღარ განეკუთვნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]