weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დმანისის თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა წულუკიანის წინააღმდეგ ომბუდსმენს მიმართა

16:39 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

წულუკიანმა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც მხოლოდ ჩხვიმიანი მონაწილეობდა, გაუქმებულად გამოაცხადა და ხელმძღვანელად, პირდაპირი წესით, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დანიშნა.

ლაშა ჩხვიმიანის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავს.

„ლაშა ჩხვიმიანი 4 წლის განმავლობაში იყო სსიპ „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობას დადებითად ახასიათებენ სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრები და მიიჩნევენ, რომ იგი კარგად ართმევდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს. აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ ლაშა ჩხვიმიანის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში დმანისის თეატრმა არაერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღონისძიება წარმატებით განახორციელა. გარდა ამისა, დმანისის თეატრის ბოლო წლების აქტიური მუშაობისათვის მას ჯილდოც გადაეცა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ლაშა ჩხვიმიანის მოღვაწეობის პერიოდში მის მიმართ რაიმე საყვედური არ გამოუთქვამთ და არც რაიმე უარყოფითი შეფასება გაკეთებულა.

მიუხედავად ამისა, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას შესარჩევ კონკურსში.

საყურადღებოა, რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობა არაერთხელ მოხვედრილა ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში. ადგილობრივი თვითმმართველობის თავდაპირველი უკმაყოფილება გამოიწვია 2018 წლის 9 ოქტომბერს დადგმულმა სპექტაკლმა „ხალხის მტერი“, რომელშიც მწვავე პოლიტიკური საკითხები იყო გაჟღერებული, რასაც უარყოფითად გამოეხმაურა ქალაქის მაშინდელი მერი.

აღნიშნული სპექტაკლის შემდეგ დმანისის თეატრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებას (ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების კუთხით) ვეღარ იღებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის სპექტაკლით გამოწვეული უკმაყოფილება დაადასტურა სამინისტროთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭოს წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და მიუთითა ხელისუფლებასთან „ურთიერთობის დალაგების“ აუცილებლობაზე“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

GDI მიიჩნევს, რომ ლაშა ჩხვიმიანი განსხვავებული შეხედულებების ღიად გაჟღერების გამო გახდა „თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი“.

„ამასთან, არ არსებობს მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის არანაირი ობიექტური გამართლება და ის არ არის მიმართული რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არამედ, მინისტრის გადაწყვეტილების ერთადერთ თვითმიზანს წარმოადგენს კრიტიკული შეხედულებების ჩახშობა თეატრებში და კულტურის სფეროში ცენზურის დაწესება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია“, – აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე დანიშნა, მინისტრმა დმანისის თეატრს წლიური დაფინანსება 26 000 ლარიდან 408 462 ათას ლარამდე გაუზარდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თუ მანამდე თეატრს საშტატო განრიგით სულ სამი თანამშრომელი ჰყავდა, ახლა – 24 თანამშრომელი ეყოლება.

„მე რომ ვიყო ლაშა ჩხვიმიანი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ გიორგი სიხარულიძე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, გამოცდილი რეჟისორია, მივესალმებოდი მის დანიშვნას და შევთავაზებდი დახმარებას. რა თქმა უნდა, ჩხვიმიანმა 4 წელი აქტიურად იმუშავა მწირ პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ თანამდებობაზე არ უნდა გაიგზავნოს სამინისტროდან უფრო მასშტაბური, გამოცდილი და უფრო დიდი იმედების რეჟისორი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ წლების მერე იგივე რეჟისორი ჩაუდგეს ამ თეატრს სათავეში“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

GDI აღნიშნავს, რომ ლაშა ჩხვიმიანი არ არის ერთადერთი პირი, რომელიც თეა წულუკიანს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს: „31 იანვრის მდგომარეობით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებული 70 თანამშრომელი აპირებდა მათი დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გათავისუფლების გასაჩივრებას სასამართლოში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]