weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული ალფონსო კუარონის ფილმი გახდა

10:11 კვირა, 09 სექტემბერი 2018

2018 წლის კიდევ ერთი დიდი კინომოვლენა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. რიგით 75-ე ფესტივალზე მთავარი ჯილდო „ოქროს ლომი“ მექსიკელი ოსკაროსანი რეჟისორის, ალფონსო კუარონის შავ-თეთრმა ფილმმა მოიპოვა. 1970-იანი წლების მექსიკური სოციალური დრამა სათაურით „რომა“ (Roma) საუკეთესოდ ცნო ფესტივალის ჟიურიმ, რომლის პრეზიდენტი კუარონის თანამემამულე, ვენეციის კინოფესტივალის გასული წლის გამარჯვებული გილერმო დელ ტორო იყო.

ვენეციის 75-ე კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა

სხვა მთავარი კინოჯილდოები ჟიურის გადაწყვეტილებით ასე განაწილდა:

საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი „ვერცხლის ლომი“ ფრანგმა რეჟისორმა ჟაკ ოდიარმა მოიპოვა ინგლისურენოვანი ვესტერნით The Sisters Brothers.

ჟიურის გრან-პრი ბერძენმა რეჟისორმა იორგოს ლანთიმოსმა აიღო ბრიტანული ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმით „ფავორიტი“, რომელშიც მე-17 საუკუნის ინგლისის სამეფო კარის პოლიტიკის მიღმა არსებული ინტრიგებია ნაჩვენები.

ჟიურის სპეციალური პრიზი ავსტრალიურ ფილმს გადაეცა, რეჟისორ ჯენიფერ კენტის ისტორიულ თრილერს - The Nightingale.

საუკეთესო ქალ მსახიობად ჟიურიმ ოლივია კოლმანი დაასახელა ფილმისთვის „ფავორიტი“, სადაც ინგლისელმა მსახიობმა დიდი ბრიტანეთის დედოფალი ანა განასახიერა. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის განკუთვნილი ჯილდო კი ვილემ დეფომ მოიპოვა ჯულიან შნაბელის ბიოგრაფიული დრამისთვის - At Eternity’s Gate, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ვინსენტ ვან გოგი შეასრულა.

საუკეთესო სცენარისთვის ოსკაროსანი სცენარისტი და რეჟისორი ძმები, ჯოელ და ეთან კოენები დაჯილდოვდნენ ანთოლოგიური ვესტერნი ფილმისთვის - The Ballad of Buster Scruggs.

მარჩელო მასტროიანის სახელობის პრიზი მსახიობის აღმოჩენისთვის ბაიკალი განამბარმა მოიპოვა ფილმისათვის - The Nightingale.

ვენეციის რიგით 75-ე კინოფესტივალზე აღიარებული კანადელი რეჟისორი დევიდ კრონენბერგი და ვეტერანი ბრიტანელი კინოვარსკვლავი ვანესა რედგრეივი კინოში შეტანილი ღვაწლისთვის სპეციალური ჯილდოთი დაჯილდოვდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]