weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში ე.წ. დოქების ნაგებობაში ქართული ღვინის მუზეუმის გახსნას ითხოვენ

14:28 კვირა, 02 დეკემბერი 2018

Manifest.ge–ზე განთავსებულია პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები თბილისში, რიყის პარკში მდებარე ე.წ. დოქების ნაგებობაში ქართული ღვინის მუზეუმის გახსნას ითხოვენ.

პეტიცია, რომლის ავტორი მეღვინე იაგო ბიტარიშვილია, 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნდა. მისი ადრესატები საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიან.

პეტიციაში ნათქვამია, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს, რის გამოც ქვეყანაში, კერძოდ, თბილისში მაღალი დონის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნა აუცილებელია. პეტიციის ავტორებსა და ხელმომწერების აზრით, მუზეუმი საქართველოსა და მისი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს.

„საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართელოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც.

თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ტურისტული ნაკადის დინამიურ ზრდას (დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი წლის განმავლობაში) ყველაზე აქტიური ადგილი ძველი თბილისის ტერიტორიაა, სადაც უკვე რამდენიმე წელია უფუნქციოდ დგას ე.წ. „დოქების“ ნაგებობა. ამ ადგილზე მუზეუმის არსებობა დიდწილად გარანტიაა იმისა, რომ სტუმრების უმრავლესობა ადვილად მოხვდება ამ მუზეუმში, რაც მისი რენტაბელურობის გარანტია იქნება. ამავე დროს გაცოცხლდება დღემდე უფუნქციოდ არსებული ნაგებობა“, – აღნიშნულია პეტიციაში.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის სახეს და იმიჯს, მუზეუმის კონცეფციის შექმნა და მოწყობა სახელმწიფომ უნდა ითაოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]