weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

22:12 ორშაბათი, 27 მაისი 2019
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

ჭიათურაში მინისტრების ჩასვლის შემდეგ, გაფიცულმა მაღაროელებმა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. კომპანია მზად არის, მაღაროელებს პირველი ივნისიდან ხელფასი 25%-ით, ერთი წლის შემდეგ კი 10%-ით გაუზარდოს.

„შეთანხმება, პირველ რიგში, ჭიათურლებსა და კომპანიას შორის შედგა. ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია. ჩვენ ამას ხელი შევუწყეთ როგორც მედიატორებმა. ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შედგა შეთანხმება, ნამდვილად შესრულდება. განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რომლებიც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, კვებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

თურნავას გარდა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჭიათურაში განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდნენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამ ხალხს იმისთვის, რომ ადამიანურად, ძალიან კორექტურად გააკეთეს ყველაფერი და არ გარიეს ამაში პოლიტიკა, რაც ძალიან დასაფასებელია. ისინი შედეგზე იყვნენ ორიენტირებული.

ნამდვილად მჯერა, რომ ამ ხალხის სამუშაო პირობები, ისევე როგორ ქალაქის ეკოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ 15-მა თანამშრომელმა შიმშილობა 11 დღის წინ დაიწყო, სამმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ტყიბულელმა მეშახტეებმა, ჭიათურაში არსებული მაღაზიების მფლობელებმა და მოვაჭრეებმა, ასევე სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. მას შემდეგ, რაც პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო, ჭიათურაში მინისტრები ჩავიდნენ და კომპანიასა და მოშიმშილეებს შორის მედიაციის პროცესში ჩაერთვნენ.

გაფიცული მაღაროელები ითხოვდნენ ხელფასის მატებას 30%-ით (რეორგანიზაციის შემდეგ +20%-ით), კვების და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, ასევე, მადნით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას. „ჯორჯიან მანგანეზთან მათ მოლაპარაკება გუშინ, 26 მაისსაც გამართეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც კომპანიამ განაცხადა, ხელფასებთან დაკავშირებით მაღაროელებს ორი ალტერნატივა შესთავაზე: 2019 წლის პირველი ივლისიდან ხელფასის 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის პირველი ივლისიდან – 10%-იანი ზრდა, ან პირველი ივლისიდან ხელფასის 10%-იანი ზრდა და 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა. „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებდა, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეეძლოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]