weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩინური კომპანია მუშაობას გააგრძელებს, თუმცა ტენდერებს ჩამოშორდება – ცქიტიშვილი

15:27 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისთვის“ დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ტენდერებში მონაწილეობას ეხება და არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია საქართველოში აწარმოებს.

მსოფლიო ბანკმა 5 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიას, „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას“ (CRCC) და მის შვილობილ ორ კომპანიას - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს“ (CR23) და „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორის კორპორაციას“ (CRCC International) საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო, ცხრა თვით ტენდერებში მონაწილეობა შეუზღუდა. კომპანიამ მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეს ქმედება თაღლითობად იქნა შეფასებული.

მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ საუბარია ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთთან დაკავშირებით 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერზე. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ საქართველოში აწარმოებს. 

„საგზაო დეპარტამენტმა განიხილა რა სატენდერო დოკუმენტაცია, გადაამოწმა რა კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, აღმოაჩინა, რომ ამ ინფორმაციაში არის შეუსაბამობა. 2017 წელს იყო ეს ტენდერი, მაშინ იქნა აღმოჩენილი, ამ კომპანიას არ გაუმარჯვია ამ ტენდერში, სხვა იყო გამარჯვებული. მას არ აქვს სამუშაოები კონკრეტულად ამ მონაკვეთზე, რაზეც საუბარია, მაგრამ რადგანაც შეუსაბამობა იქნა აღმოჩენილი, სამინისტრომ მიმართა მსოფლიო ბანკს. მსოფლიო ბანკს სჭირდება საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ განიხილოს. განიხილა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ. ეს არ ნიშნავს ამ კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერებას. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ცხრა თვის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ტენდერებში“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ სხვა პროექტებშიც მონაწილეობს და ამჟამად სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მუშაობს.

„ეს სამუშაოები გრძელდება. ეს არის სტანდარტული პროცედურა და მასში განსაკუთრებული არაფერია. მსგავსი შემთხვევები მრავლად ხდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი 2015 წლის ბოლოს დაიწყო და მისი დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლომდე. პროექტის ღირებულება 164 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც მსოფლიო ბანკი 140 მილიონს აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ მუშაობს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტზე. 2017 წელს სწორედ ამ კომპანიამ დაასრულა ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 8.5 კილომეტრიანი ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის გათხრის სამუშაოები. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კონტრაქტორის მიერ დასრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 86%. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს, 2017 და 2018 წლებში რამდენიმე შემთხვევა მოხდა, როდესაც „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მიერ დასაქმებულები დაშავდნენ. 2018 წლის ოქტომბერში სარკინიგზო მაგისტრალის ქვიშხეთის სამშენებლო უბანზე, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტები ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე რეპორტაჟს ამზადებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]