weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პროკურატურამ საქართველოს დააკარგინა ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია – ხაზარაძე

16:23 პარასკევი, 26 ივლისი 2019

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურა თითოეული მათგანისთვის მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრისა და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ, იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც სამწუხაროდ, ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ, 24 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დასდო ბრალი, ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარით დაეცა.

„პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით „თიბისი“ ბანკს და ანაკლიას იმისთვის, რომ გადაგვეფარა და იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ჩვენი ეს ორი უზარმაზარი კომპანია. ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი, ორჯერ მოგვიწია გადადგომა. მეორედ გუშინ გადავდექით, მას შემდეგ რაც 98%-ით აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა, ამას მოყვა ის ფაქტი, რომ 5-წუთიანი დოკუმენტის და მასალის გადმოსაცემად, პროკურატურამ, მესამედ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგინა, ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომელიც ლონდიონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ორ დღეში, პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ, ქვეყანას მიადგა უზარმაზარი ზარალი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პროკურატურა აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

„თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]