weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახელი გლეხი ღალატისთვის აუცილებლად გაგცემთ პასუხს – გიორგი ბოტკოველი მთავრობას

16:28 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი ეხმაურება ღვინის ეროვნული სააგენტოს დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, წელს ყურძენზე მოთხოვნა შესაძლოა დაბალი იყოს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, სამაგიერო გადაუხადოს კახელ გლეხს იმ შედეგის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის არჩევნებზე მიიღო.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეზრუნა და ხელი შეეწყო გლეხისთვის, რომ გლეხს შეექმნა საკუთარი ღვინის წარმოება, მიეცა იაფი კრედიტი, პირიქით, მთლიანად დამოკიდებული გახადა მონსტრ ქარხნებზე, რომლებიც პირდაპირ ადგენენ ფასებს და არ აინტერესებთ, რა ჯაფა გასწია გლეხმა წლიდან წლამდე“, – განაცხადა ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყურძენზე არსებული ფასი არ შეესაბამება გლეხის მიერ მოსავლის მისაღებად გაწეულ ხარჯებს.

„გვახსოვს 2012 წელი, როდესაც ივანიშვილი თავის შანტრაბასთან ერთად კარდაკარ დადიოდა და კახელ გლეხს ეუბნებოდა, რომ თურმე დაცინვა იყო, როდესაც 2012 წელს თეთრი ყურძენი 1 ლარი ღირდა.

წელს, თეთრი ყურძნის მაქსიმალური ფასი კილოგრამზე 60-70 თეთრი იქნება. დღეს გვეუბნებიან, სუბსიდია არ იქნება და უბრალოდ, გამოყოფენ 20 მილიონ ლარს, ისიც სახელმწიფო ქარხნისთვის, სადაც უკვე დარჩენილ ყურძენს შეიძენენ სასპირტედ. ეს 20 მილიონი ნიშნავს, რომ დარჩენილ ყურძენს სახელმწიფო შეიძენს 40-50 თეთრად, რომლისგანაც დაამზადებს სპირტს.

კახელი გლეხი თავს ნამდვილად არ დაგაჩაგვრინებთ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს. კახელები და მთელი საქართველო აუცილებლად გაგცემთ პასუხს იმ ღალატისთვის, რომელსაც სჩადიხართ გლეხის მიმართ. თქვენ არ გაინტერესებთ გლეხის შრომა და ქართველი გლეხი აუცილებლად პასუხს გაგცემთ ამ ყველაფრისთვის“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ 2019 წელს კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შეძენაზე დაბალი მოთხოვნა იქნება. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამის მიზეზი რუსეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებაა.

„2019 წლის ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი, შესაძლო სანქციების დაწესებამ გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირება და გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების, კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შესაძლოა იყოს ნაკლები“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისივე თქმით,  წელს კახეთში 200-დან 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]