weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დაცული ტერიტორიების სააგენტო მყინვარწვერზე 505 კვმ-ს 35 წლით ასხვისებს

16:26 ოთხშაბათი, 26 თებერვალი 2020

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გასაცემად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 წელში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს: ღამის გასათევ კოტეჯებს (არანაკლებ 5 ერთეული); კაფეტერიას; ბიოტუალეტს; გარე საშხაპეს; გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია.

შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლოს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია თითქმის 9-ჯერ გაიზარდა. ყაზბეგის რაიონის 70 %-ზე მეტი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში მოექცა. საკანონმდებლო ცვლილებამდე ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი 9 030 ჰექტარი იყო. ცვლილების შემდეგ კი მისი ფართობი 69 174 ჰექტარით გაიზარდა და 78 204 ჰექტარი შეადგინა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობი 108 ათასი ჰექტარია.

„ჯერ კიდევ კანონში ცვლილების შეტანამდე სააგენტომ ყაზბეგში არსებული ელიის ტყის აუქციონის წესით გასხვისება სცადა, რასაც ხევის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ აუქციონი შეწყდა, თუმცა ცხადი გახდა, რომ

დაცული ტერიტორიების არსებული პოლიტიკა უგულებელყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ყველანაირ უფლებას ტრადიციულად საერთო სარგებლობაში არსებულ მიწებზე და ერთ სააგენტოს აძლევს უპირობო უფლებამოსილებას - ხევის მიწების 70 პროცენტზე მეტი კომერციული მიზნით გამოიყენოს.

სწორედ ამგვარი მანკიერი პრაქტიკის გამო ხევის მოსახლეობა კანონის ასეთი ფორმით მიღებას 10 წლის განმავლობაში აპროტესტებდა“, - ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი შოთა ბუჩუკური.

მისივე თქმით, როგორც ელიის ტყის შემთხვევაში, მოსახლეობა ახლაც ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს მყინვარწვერზე, 505 კვ.მ-ის გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონი.

 

ამ თემაზე:

მოხევეებმა მთავრობას ვადა 30 მარტამდე მისცეს - რეპორტაჟი ყაზბეგიდან

რას პასუხობს მოხევეებს დაცული ტერიტორიების სააგენტო - კონკურენციაში არ შევდივართ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]