weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში

14:52 ხუთშაბათი, 14 მაისი 2020

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, თითოეული ფერმერი, რომელსაც მიწა დარეგისტრირებული აქვს, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს. მთავრობა იმ ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად აქვთ 10 ჰექტარი მიწა და მას ამუშავებენ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით.

„ეს დახმარება, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არამხოლოდ კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვის და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის საბაზრო ფასი“, - განაცხადა გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა 42 000-ია, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან. ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ.

ხოლო იმ ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

„თითოეულ ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით და ეს იქნება გრანტი. ფერმერებს შეეძლებათ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს 20 მაისიდან მიმართონ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხზე მუშაობს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. მთავრობის გეგმის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიწის ყველა ფართობი სრულად უნდა იყოს აღრიცხული და რეგისტრირებული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათებით და დახმარებებით ის ფერმერებიც ისარგებლებენ, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

გიორგი გახარიას თქმით, აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა.

პრემიერის შეფასებით, ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ძალზედ მნიშვნელოვანი, თუნდაც - აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში, რომელიც 900 მილიონი დოლარი იყო და დღეს ჩამოყვანილია 350 მილიონ დოლარამდე. საუბარია სხვაობაზე ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც უნდა მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომელიც ხდება უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]