weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მოქალაქეთა ზოგიერთ კატეგორიას საბანკო სესხი კიდევ 3 თვით გადაუვადდება

10:48 პარასკევი, 22 მაისი 2020

მოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო ან მისი შემოსავალი გაუარესდა, გაგრძელდება 3 თვიანი გადავადება. ეს შეეხება მათაც, ვინც სახელმწიფოსგან იღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას.

„აქ საუბარია იმაზე, რომ თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო ან მისი შემოსავალი გაუარესდა იმდენად, რომ ის ვეღარ ახდენს საბანკო სესხის მომსახურებას, ამ ადამიანებისთვის გაგრძელდება 3 თვიანი გადავადება ბანკების მხრიდან და არის კიდევ მეორე კატეგორია - ადამიანები, რომლებსაც ეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით და აძლევს სხვადასხვა სახის კომპენსაციას, ამ ადამიანებსაც, თუ აქვთ მათ სესხი, აქვთ საშუალება, რომ ავტომატურად ისარგებლონ მსგავსი შეთავაზებით ბანკებისგან,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშილმა.

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მინიმალური დანაკარგებით გადალახა პანდემიის გავრცელების პიკური პერიოდი, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ან უკვე განაახლეს მუშაობა ან ემზადებიან საქმიანობის გაგრძელებისათვის, მოიხსნა გადაადგილებასთან დაკავშირებული ძირითადი შეზღუდვებიც, საქართველოს საბანკო სექტორი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის თანამშრომლობას:

ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან. 

ზემოაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან. 

ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.

ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა ზემოთ განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასების და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]