weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მეწარმეებს თუ ჰგონიათ, საზღვრების გახსნით შემოსავალი მოემატებათ, ცდებიან - მაჭავარიანი

00:08 სამშაბათი, 07 ივლისი 2020

„მინდა ყველა ქართველ მეწარმეს - რესტორნის, სასტუმროს და ა.შ. პატრონს - ვუთხრა, რომ თუ ჰგონიათ, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, შემოსავლები მოემატებათ, ცდებიან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი გვეყოლება, რაც საკმარისი იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, Covid-19-ის გავრცელების პირობებში, შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

„Covid-19-ის გავრცელების პირობებში, ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ რეალურად გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. დღეს, ჩვენი ეკონომიკა მცირდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, -6%-ზე ავა, მაგრამ ამ ტიპის უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, იქნება -7% ან - 8%. ჩვენ დათვლილიც გვაქვს და ვიძახით, რომ შეიძლება 1%-1.5%-ით უფრო შემცირდეს. ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს საზღვრების გახსნის მიმართ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე გარკვეულ ქვეყნებთან საზღვრების გახსნა თუ მოხდება, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურ რეჟიმში და სიფრთხილით.

ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება, ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა.

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რაც არ უნდა სისულელედ მოეჩვენოს ვიღაცას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს ნეგატიური იქნება. თუმცა, ამას აქვს პოლიტიკური კომპონენტიც - არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და გვაქვს ვალდებულება მათთან ნაცვალგების პრინციპი გვქონდეს. ამას ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით, მათთან ვმუშაობთ და გავდივართ კონსულტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, დროის მოგება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, საუკეთესო პროგნოზითაც კი, წლის ბოლომდე საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 50 000-დან 100 000-მდე ადამიანს ვერ გასცდება. მინისტრის განმარტებით, ამ 50 000 ტურისტიდან 1%-საც რომ ჰქონდეს კორონავირუსი, საქართველოში შიდა გადაცემა გვექნება, რაც შიდა ტურიზმსაც დააქვეითებს.

„თითოეული შემთხვევა - იქნება ეს აჭარაში, კახეთში - შიდა ტურიზმის სეგმენტსაც, განწყობებსაც ისევე დააქვეითებს, როგორც ეს მსოფლიოშია. რას ნიშნავს ეს სიმნამდვილეში ჩვეულებრივი ქართველი მეწარმისთვის, რომელსაც აქვს რესტორანი, კაფე ან რეგიონში პატარა სასტუმრო - ეს ნიშნავს, რომ დღეს რა შემოსავალიც აქვთ და რამდენი სტუმარიც შედის, შეიძლება იმაზე ნაკლები მიიღონ. პარადოქსია, შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ ეს კონტრინტუიტიურია, მაგრამ სამწუხაროდ ასეა - ერთეული შემთხვევები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში გაჩნდება, დააგდებს და შეამცირებს სენტიმენტებს შიდა მოგზაურების, უფრო შეკავებული და ფრთხილი იქნება ეკონომიკური აქტივობა, ეს უცილობლად ასეა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოს მთავრობა დაახლოებით 10 მილიონ ვიზიტორს ელოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]