weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

საქართველოს მთავრობა კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ წყვეტს

13:40 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020 hits 746

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტის გაწყვეტა, რაც 27 ივლისს უნდა მომხდარიყო, გადაიფიქრა. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანიას საშუალებას აძლევენ, საქმიანობა გააგრძელოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნებაა“. კიდევ ერთ მიზეზად ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა დასახელდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში „ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ“, - აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო.

უწყების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კომპანიას შესაძლებლობა ექნება და სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს დასაქმებულ პირთა მიმართ დაგროვებული ვალდებულებების შესრულებაზე, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით.

ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობა 1997 წელს დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, 1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერას“ 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, „ფრონტერამ“ დამატებით ორჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წელს, კომპანიამ კვლავ ითხოვა ხუთი წლის დამატება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე. ეს საკითხი ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის დაწყების საფუძველი გახდა.

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ სასამართლომ „ფრონტერას“ დაავალა ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი).

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, „საერთაშორისო საზოგადოებებში ბუნდოვანების შენარჩუნების მიზნით, „ფრონტერამ“ უარი თქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე და საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია გააჩაღა“.

„სამწუხაროდ, კამპანიაში ძალაუნებურად ჩართული აღმოჩნდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წევრი - საქართველოს მეგობარი კონგრესმენები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების თაობაზე არსებითად მცდარ ინფორმაციას ისევ „ფრონტერას“ მესვეურები და მათ მიერვე დაქირავებული ლობისტები აწვდიდნენ“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოში „ფრონტერას“ მიერ კონტრაქტის არსებითად დარღვევის ფაქტის დადასტურებამ, კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი შექმნა. ამ განზრახვის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ „ფრონტერას“ 27 აპრილს აცნობა. კონტრაქტის თანახმად, შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერას“ საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა.

„მიუხედავად ამისა, სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, ქართულმა მხარემ „ფრონტერას“ შესთავაზა, კონტრაქტის შეწყვეტის სამთვიანი პერიოდის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გახანგრძლივება, რათა დავის მოგვარების სივრცე საბოლოოდ არ დახურულიყო და გაგრძელებულიყო პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული ორმხრივი კომპრომისების ძიება, რაზედაც „ფრონტერამ“ ასევე უარი განაცხადა“, - აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო.

ქართული მხარის განცხადებით, ამგვარი მიდგომით ხაზს უსვამენ საქართველოს სურვილს, ამერიკულ კომპანიასთან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა იყოს.

„ამისთვის ასევე სასურველია კომპანიამ გაასაჯაროვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები (აშშ-ს სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით) სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ“, - ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანიას 84 თანამშრომლის დაახლოებით მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. ისინი ხელფასებს ბოლო 14 თვეა ვერ იღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]