weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ბეირუთის პორტში აფეთქებასთან საქართველოს კავშირი არ აქვს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

09:28 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბეირუთის პორტში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 2013 წელს, ბათუმის პორტიდან გასულმა გემმა „Rhosus“ შეიტანა. ამასთან სააგენტო აცხადებს, რომ მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატი ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „Rhosus“, რომელიც ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

„ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში“, – აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და დასძენ, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

„მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში. ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52 037 ტონა.

აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს“, – აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო შემოწმებებით უტარდება. სააგენტოს განცხადებით, საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.

4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტი კი დაშავდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სახლები და თითქმის მთლიანად განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, აფეთქდა 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც პორტის საწყობში 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ინახებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]