weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

30 ათასლარიანი მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება

20:51 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020
ფოტოზე - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი ფოტოზე - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების დასაფინანსებლად განაცხადებს 5 ოქტომბრიდან მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისი დაემატა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არადროს მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე, მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო ამ პროგრამით დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

პრიორიტეტულია შემდეგი ბიზნესიდეები: ინტელექტუალურ, განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტები; ახალი ბიზნესის წამოწყება; ქალი მეწარმის, სოფლად/მაღალმთიან სოფელში, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება.

წელს პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად 10%-ია.

დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს: შეავსოს ონლაინ აპლიკაცია ვებგვერდზე www.enterprise.gov.ge; ბიზნესიდეების კონკურსის შედეგად მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება ბიზნესგეგმების წერაში. პოტენციური ბენეფიციარების ტრენინგს სააგენტო კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით 1-15 ნოემბრის პერიოდში გეგმავს, ბიზნესგეგმების მიღებას 1-დან 21 ნოემბრის ჩათვლით.

ბიზნეს გეგმების შეფასება მოხდება 30 ნოემბრამდე, პოტენციურ ბენეფიციარებთან გასაუბრება 10 დეკემბრამდე შედგება. ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას. სააგენტო გრანტს 15 მარტამდე გასცემს. დაფინანსებული ბენეფიციარების ტრენინგი მაისში ჩატარდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისში დაგეგმილია 347 განაცხადის დაფინანსება; სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 179-ის; იმერეთში-რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 157-ის; კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში 202-ის; აჭარა-გურია-სამეგრელო-ზემო სვანეთში 235 პროექტის.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესიდეების მიღება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, შემდეგ კი გაზაფხულზე უნდა დაეწყო. ამისათვის, სააგენტომ ტენდერის შედეგად ოთხი კონტრაქტორი კომპანიაც შეარჩია. ოთხივე ლოტზე იგივე კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც ამ პროგრამის ადმინისტრირებას 2015 წლიდან ახორციელებდნენ.

სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი - საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები - მომსახურების ღირებულება 353 281 ლარი.

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - შპს ჯი-ემ-სი-ჯი - მომსახურების ღირებულება 321 132 ლარი;

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი - შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი, 420 199 ლარი;

აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი - შპს ჯი-ემ-სი-ჯი, 459 150 ლარი.

თავდაპირველად პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ყველა მომსახურება და კონსულტაცია ამ კომპანიებს უნდა განეხორციელებინათ, თუმცა 31 აგვისტოს სააგენტომ დამატებითი ტენდერები გამოაცხადა. ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და მომსახურებებისთვის თბილისში ტენდერი 831 820 ლარზეა გამოცხადებული; სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 508 022 ლარზე; იმერეთში-რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 448 844 ლარზე; კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში 582 544 ლარზე; აჭარა-გურია-სამეგრელო-ზემო სვანეთში 671 316 ლარზე.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, რეგიონული ბიზნესის  დივერსიფიკაცია, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო  ადგილების შექმნა, ასევე, ეკონომიკური მიგრაციის შემცირება, ბინზესის წამოწყებისთვის  ან/და არსებულის გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]