weather cur horoscope tv
მარტი 30, 2024

მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე პური გაძვირდება – მიმართვა საქართველოს მთავრობას

13:54 პარასკევი, 27 ნოემბერი 2020

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი მთავრობას მიმართავს. მათი განცხადებით, თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომარა დაახლოებით 10 ლარით გაძვირდება, რაც პურის ფასზეც აისახება.

მიმართვის ავტორების განცხადებით, ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პერმანენტული რყევებია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით, რომელიც მსოფლიომ განიცადა კოვიდ-19-ის გამო, კერძოდ: მსოფლიოში ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნებით, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემებით, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვებით, მისი გავლენით ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე, შედეგად მსოფლიო ბალანსის და შესაბამისად, ხორბლის ფასების აღმავალი ტრენდით. დღეს ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში ღირს და როგორც ექსპორტიორი კომპანიები აცხადებენ, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

„მიზეზი გახლავთ ის, რომ სექტემბრის თვიდან კვლავ გაგრძელდა ბაზარზე ძველი და ახალი გამოწვევების მოქმედება, კერძოდ:

  1. მსოფლიო ყველაზე დიდი 8 ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6 -ში დაფიქსირდა მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება;
  2. რუსეთში და ავსტრალიაში დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალი მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენი 6 ქვეყნის პრობლემები, შედეგად ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება;
  3. მსოფლიოში „კოვიდ -19“-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოს 30 %-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას;
  4. რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით მსოფლიოში პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, უკვე მეორედ წლის განმავლობაში განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს;
  5. შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე.

მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა ამ თვეების განმავლობაში წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებლებმა არსებული გარდამავალი მარაგების ხარჯზე ახალი და ძველი პარტიების საშუალო შეწონილი ფასებით, ასევე შიდა რეზერვების ხარჯზე შევძელით შეგვენარჩუნებინა ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 200 $/ტონიდან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30%-ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს.

მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი 270$/ტონა. შესაბამისად ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში“, – ნათქვამია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]