weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მერიის დავალებით აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევას დაპირისპირება მოჰყვა

15:55 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020
რუსთავი 2-ის ფოტო რუსთავი 2-ის ფოტო

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, შენობა-ნაგებობების დანგრევა დაიწყო, რომლებიც მათი განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ არის აშენებული. ადგილობრივები შენობების ნგრევას აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ერთს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„მაშინ ხომ კარგი იყო, რომ მოდიოდნენ და ძირს ხოხავდნენ, არიქა, ხმა მოგვეციო? ასე არ შეიძლება. რა მნიშვნელობა აქვს გაფორმებული მქონდა თუ არა? სახლი აქ მქონდა, ავაშენეთ და ვცხოვრობთ. რატომ გვინგრევთ? გაგვაფრთხილეთ, რომ ეს ესეა. იმას დავშლით და მოვიხმართ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასთან.

აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს.

აღნიშნული განსაკუთრებით მწვავეა დამძიმებული პანდემიური მდგომარეობის ფონზე. იმ პირობებში, როცა, შინ დარჩენის მოწოდების მიუხედავად, ათასობით ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი პანდემიისგან მათი ოჯახების, მცირეწლოვანი ბავშვებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაცავად, თბილისის მერია, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს, ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე“, – აცხადებს „ღია საზოგადოების ფონდი“.

ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მაცხოვრებელთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს მათი ღირსეული საცხოვრისის გარანტიები.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზე მოკვლევა მიმდინარე წელს დაიწყეს. უწყება აცხადებს, რომ შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]