weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

EU-მ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის 55 მლნ ევრო გამოყო

11:15 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

საქართველოში ევროკავშრის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. მათივე ცნობით, პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას. წარმომადგენლობის განმარტებით, ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია.

„მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ.

გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ENPARD-ის სამივე ფაზა წარმატებით აქვს განხორციელებული და აქვს მოლოდინი, რომ მეოთხე ფაზაც წარმატებით განხორციელდება.

„ეს არის საკმაოდ დიდი დახმარება, 55 მილიონი ევრო, საიდანაც 31 მილიონი ევრო იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 24 მილიონი ევრო ტექნიკური და საგრანტო დახმარების სახით გაიცემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელსაც ყოველთვის დიდი ეფექტი აქვს ევროკავშირთან ერთად შემუშავებული პოლიტიკის სწორად განხორციელებისათვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. იგი გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა დაეხმარება სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით. გარდა ამისა, ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]