weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა

11:09 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021

1 თებერვლიდან, საქართველოში რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება და ავიაკომპანიები თავიანთ საქმიანობას სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განახორციელებენ.

„ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება საზღვრის კვეთის წესი.  

საქართველოს მოქალააქეებს შეეძლებათ:

  • ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შემოვიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, მესამე დღეს კიდევ ერთი PCR ტესტი გაიკეთონ და ისევ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გათავისუფლდნენ იზოლაციისგან;
  • ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, არ გაიკეთონ განმეორებით PCR ტესტი და გადავიდნენ 8 დღიან იზოლაციაში;
  • PCR ტესტზე ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის არ ქონის შემთხვევაში, 12 დღიანი იზოლაციის ნაცვლად, 8 დღიან თვითიზოლაციაში დარჩნენ.

უცხო ქვეყნის მოქალეებს შეეძლებათ:

  • საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. მთავრობის განკარგულებით, ვაქცინის სრული კურსი ორ სრულ დოზას გულისხმობს.
  • თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარმოადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიმართა ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

თებერვლიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Air Arabia და Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს აახლებენ.

Air Arabia თებერვალში, შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შეასრულებს. რაც შეეხება Flydubai-ის ავიარეისებს, თებერვალში, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: დუბაი-თბილისი, ჩამოფრენა 15:50 (ადგილობრივი დრო); თბილისი-დუბაი, გაფრენა 16:50 (ადგილობრივი დრო).

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან. 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიასთან, ხოლო 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით.

2020 წლის აგვისტოდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]