weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა

15:39 სამშაბათი, 30 მარტი 2021

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე, სრული მორატორიუმი გამოცხადდეს ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, მიიღეს მეორე გადაწყვეტილებაც, რომელიც ბულვარის შემდგომ მართვას ეხება.

„გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს.

ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად უზრუნველყონ ბათუმის ბულვარის სამართავად ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა.

ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხებს გასცემს იმ კითხვებს, რომლებიც, შესაძლოა, არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ძალიან კარგად ვიცით ყველამ და ბათუმში ძალიან კარგად იციან, რომელი კონკრეტული ობიექტი რა დროს გასხვისდა, რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული და ჩვენ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებამდე ბათუმის საკრებულომ დღის წესრიგიდან ამოიღო ბათუმის ბულვარში, პლაჟზე, 3380 კვ.მეტრის, არანაკლებ 15 წლიანი იჯარით გადაცემის საკითხი. პლაჟის გასხვისებას საზოგადოება „ბათომი“ და ადგილობრივი მცხოვრებლები აპროტესტებენ. მათ მხარი დაუჭირა ბულვარის დირექტორმაც.

ბათუმის ბულვარში შენდება სასტუმრო „ამბასადორი“ და ბალნეოლოგიური ცენტრიც. შპს „ამბასადორი ბათუმმა“ მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მაშინ 4 სართულიანი შენობის აშენების ნებართვა ჰქონდა. 2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ შენობის გაზრდა მოითხოვა 15 სართულამდე. ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პროექტის შეცვლას არ დასთანხმდა. 2021 წლის 21 იანვარს, სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ შენობის 16 სართულამდე გაზრდას მხარი დაუჭირა. მშენებლობის ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს.

ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს 2011 წლიდან. ბულვარში 16 სართულიანი „ამბასადორის“ მშენებლობას თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „იქ რაც შენდება, მიუღებელია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]