weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნამახვანჰესზე მედიაციაში ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე ჩაერთვება

22:01 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესში მხარეებს შორის შუამავალი ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე იქნება.

ენერგეტიკული გაერთიანება აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მათ არაერთხელ მიმართეს, გამოხატეს შეშფოთება ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების თაობაზე.

„ბოლო თვეების განმავლობაში, პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა, აპროტესტებდა სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა. მარტში, პროექტის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები და მთავრობა შეთანხმდნენ კაშხლის მშენებლობის დროებით, სულ მცირე, ცხრა თვით შეჩერების შესახებ,“ – ნათქვამია ენერგეტიკული გაერთიანების განცხადებაში.

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სადისკუსიო პროცესში დირკ ბუშლე, ენერგეტიკული გაერთიანების გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩაერთვება. ის იქნება შუამავალი მხარეებს შორის, პროექტთან დაკავშირებით აქამდე მიღებულ ყველა დოკუმენტსა და გატარებულ პროცედურას განიხილავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებაში.

„მოუთმენლად ველით სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან მუშაობას გამოსავლის პოვნის მიზნით. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება.

ჩემი მიზანია, მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა წუხილი მაგიდასთან იყოს მოტანილი.

პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურებით მომზადებულ დოკუმენტაციას“, – აცხადებს დირკ ბუშლე.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრს საქართველოს ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართეს.

არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენლის ჩართვის გადაწყვეტილება მთავრობამ 24 აპრილს მიიღო.

„საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს“, – აცხადებდა მთავრობა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. პოლიციამ აქცია რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი კარვები დაუშალეს, ნამოხვანიდან აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ. საპოლიციო ძალებს ხეობის შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

თებერვალსა და მარტში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანხმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

24 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, რის გამოც მათ 23 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება დააანოსნეს.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

„ენკა რინიუებლზი“ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებს. კომპანია გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ სულ მცირე 15 პირობას არღვევს, რომელთა შესრულებაც სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე იყო სავალდებულო. „ენკას“ ამ დრომდე არ შეუსწავლია წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები. არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები აქვს. არადა, ნამახვანის ჰესების კასკადი გაგრა-ჯავის სეისმური რღვევის აქტიურ მონაკვეთში შენდება. თან 10 მეწყრული ზონაა სოფელ გუმათიდან ნამოხვანამდე.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან ლეჩხუმელი მეღვინეებიც. ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშების, ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით.

კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]