weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

მთავრობამ საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამა დაამტკიცა

10:33 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021 hits 387

საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომელმაც საძოვრების რაციონალურ გამოყენებას, ხარისხობრივ გაუმჯობესებას, მეცხოველეობის განვითარებას და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის 3219 ერთეული მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართი - 89 905 ჰექტარი) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საძოვრების მოვლა-სარგებლობაზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ასევე, ამხანაგობას, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და, ამავდროულად განაცხადის წარდგენისას, მფლობელობაში გააჩნია იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა).

პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაურეგისტირებელი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთების გამოვლენასა და დარეგისტრირებას მათი ამ პროგრამაში ჩართვის მიზნით. ასევე მოხდება შესაბამისი კატეგორიის გარეშე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიების დადგენა.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები გაიცემა აუქციონის წესით, 3-წლიანი იჯარით, ხოლო საძოვარი რომელიც მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე - ერთი წლის ვადით, თუ ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული.

პროგრამას სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“ განახორციელებს.

 „აღნიშნული პროგრამა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც პროგრამის განხორციელებას გაუწევს კოორდინირებას.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ფართობი დაახლოებით 1.8 მილიონ ჰა-ს შეადგენს, მათ შორის, დაახლოებით, 500 ათასი ჰექტარი ეროზიულია.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, საძოვრების ეკოსისტემას და მცენარეულ საფარს განსაკუთრებით აზიანებს პირუტყვის მრავალწლიანი ექსტენსიური ძოვება, სიმჭიდროვის ზრდა და საძოვრების არარაციონალური გამოყენება. უსისტემო გამოყენების შედეგად, მცირდება ნიადაგის ზედაპირის ბალახოვანი საფარი. საძოვრების არარაციონალური გამოყენება და ბალახის საფარის განადგურება იწვევს ნიადაგის სტრუქტურის შეცვლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]