weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვფიქრობ, საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

23:29 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი მიიჩნევს, რომ საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადგურების დრო დასრულებულია. ამის შესახებ მან ForbesTalks-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა ნამახვანჰესის მაგალითი მოიყვანა და ჰუდაკს ჰკითხა, რა გზავნილია ინვესტორებისთვის ის, რომ საქართველოში 84 პროექტი, სხვადასხვა ჯგუფის აქტიური წინააღმდეგობის გამო, შეჩერებულია.

„ეს, პირველ რიგში, ამბობს, იმას, რომ საქართველოში ძალიან დიდი ადგილობრივი დემოკრატიაა. ადგილობრივ ჯგუფებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი გავლენა აქვთ ამ პროექტებზე, რაც ერთი მხრივ კარგია. ამის ცუდი მხარე ის არის, რომ ბევრი ამ პროექტის განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება. ზოგადად, ენეგოსექტორის განვითარებას ამ ქვეყანაში განსაზღვრავს ჰიდროენერგორესურსების სიუხვე, რადგან ეს სუფთა ენერგიაა, მაგრამ მეორე მხრივ ამ ენერგიაზე დამოკიდებულება გულისხმობს სეზონურობასაც, რადგან ზამთარში წყლის ნაკლებობაა და შესაბამისად, საქართველოს ელექტროენერგიის იმპროტი უწევს“, – განაცხადა ჰუდაკმა.

მისი აზრით, საქართველოს სჭირდება ენერგორესურსების დივერსიფიცირება განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების გზით, რომ შემცირდეს დამოკიდებულება ჰიდროენერგიაზე და გაიზარდოს ქარისა და მზის ენერგიის წარმოება, რაც ასევე მწვანე ენერგიაა. ვაზილ ჰუდაკის თქმით, განახლებად ენერგიებში ინვესტირება ენერგიის შენახვის საკითხის გადაჭრას საჭიროებს.

„ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდება და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღდმეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ.

პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და ასევე, განახლებადი ენერგიების განვითარებაში, განსაკუთრებით, მზის და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა.

დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული. მიმაჩნია, რომ მომავალში, ინვესტორს, რომელიც მზის და ქარის ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესდება, უნდა დაევალოს ასეთი სისტემის აშენება. სისტემა ელექტროენერგიას შეინახავს, როცა მიწოდება იქნება მაღალი და ამით მივიღებთ სისტემურ ბალანსს.

პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ისიც განვიხილეთ, რომ თუ ბატარეების შემნახველი სისტემების არსებობის პირობებში, ბატარეებზე დიდი შიდა მოთხოვნა იქნება, ამას საქართველოში ბატარეების წარმოებისთვის გამოვიყენებთ. დღეს ბატარეების წარმოება გლობალური ეკონომიკის ახალი სეგმენტია და ვფიქრობ, საქართველომ სწორედ ასეთი სეგმენტების იდენტიფიცირება უნდა შეძლოს და თავის უნიკალურ ნიშას მიაგნოს. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

როგორც მან თქვა, ამავე თემაზე ესაუბრება ევროკომისიის ვიცე-რეზიდენტს მაროს სეფჩოვიჩს, რომელიც მისი თანამემამულეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]