weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რატომ მიიღეს აბონენტებმა დენის ორი ქვითარი – სემეკ-ის განმარტება

18:47 ოთხშაბათი, 05 იანვარი 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი განმარტავს, რატომ მიუვიდათ თბილისში მომხმარებლებს ელექტროენერგიის გადასახადზე ორი ქვითარი.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს პირველი ქვითარი დეკემბერში უნდა მიეღოთ, რომელზეც ასახული იქნებოდა 30 დღის განმავლობაში (ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი) მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. მრიცხველების წაკითხვა დეკემბრის თვის ბოლო ოთხ დღეში უნდა მომხდარიყო, რის შემდეგაც აბონენტებს დეკემბრის მოხმარების ამსახველი მეორე ქვითარი მიუვიდოდათ. როგორც გიორგი ფანგანის ამბობს, ქვითრებს შორის სულ მცირე ორკვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო.

სემეკ-ის წევრის განმარტებით, მოწესრიგდა ქვითრების დარიგების არეული სისტემა და იანვრიდან ყველა აბონენტი ქვითარს ერთიან პერიოდში, თვის ბოლოს მიიღებს.

„ახლა რა ქვითრებიც მიუვიდა მოსახლეობას – არც ტარიფია გაზრდილი და არც მეტის გადახდა არ უწევთ, ბოლო ქვითარი ისედაც მიუვიდოდათ 5-6 და თუნდაც 15 დღეში. 

თებერვლის თვემდე გადასახადი აღარ მოუწევს არავის. აღარ იქნება ეს არეული ქვითრები. არეულ ქვითრებში ვგულისხმობთ იმას, რომ მოსახლეობას ქვითრები 22 დღის განმავლობაში მისდიოდა სხვადასხვა ბლოკების და ჯგუფების მიხედვით, ახლა კი ყველას მიუვა ერთიანად. იანვრის გადასახადი გვექნება თებერვალში, თებრვლის კი შემდეგი თვის პირველ რიცხვებში. 

გარდა ამისა, ყველა პენსიონერს ექნება იმის საშუალება, რომ თვის 16 რიცხვამდე არ გადაიხადოს, რადგან 15 რიცხვია ბოლო დღე, როდესაც პენსია ირიცხება. სამწუხაროდ აქამდე ისე იყო სისტემა აწყობილი, რომ ეს მომხმარებლები [პენსიონრები] ითიშებოდნენ ქსელიდან და დამატებით 2 ლარის გადახდა უწევდათ ჩართვაზე. სოციალურად დაუცველები აღარ გაითიშებიან 23 რიცხვამდე, იმიტომ, რომ 22 რიცხვი არის გადახდის ბოლო ვადა.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ახალ წელს დამეთხვა, მაგრამ თუ წელში არ გადავტეხავდით არსებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მთელი თვის განმავლობაში ხდებოდა ქვითრების დარიგება, წაკითხვები, გათიშვები, სხვანაირად ვერ ვიზამდით, ზოგადად, ენერგეტიკაში ეს არის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, ეს ახლა რომ არ დაგველაგებინა, მომავალში გვექნებოდა პრობლემები. დავალაგეთ.

გასაგებია, რომ მოსახლეობის ნაწილს შეიძლება დისკომფორტი შევუქმენით, პრობლემებიც შევუქმენით, მაგრამ მომავალში, პირიქით, მათთვის დადებითად იქნება ყველაფერი“, – აცხადებს გიორგი ფანგანი.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სემეკ-მა ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაავრცელა. 

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ყველა არის გამრიცხველიანებული, ყოველი კილოვატი საათი მრიცხველზეა აღრიცხული და ორ ქვითართან ამას კავშირი არ აქვს, ორ ქვითარში გავყოფთ ამას, სამში, თუ ოცდაათში კილოვატსაათები იქნება ერთი და იგივე. დარიცხვებთან დაკავშირებით ივლისში იყო გარკვეული პრობლემები და მილიონი ლარი ჩამოვაწერეთ მოსახლეობას, ორი ენერგომიმწოდებელი კომპანია კი მაქსიმალური თანხით დავაჯარიმეთ. ახლა არ მგონია, ეს პრობლემები იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. ამიტომ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ქვითარი არასწორია ან ძალიან მალე მივიდა, დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 16 216, არ არის საჭირო განცხადების დაწერა, ჩვენი თანამშრომლები თვითონ გაარკვევენ და თუ რაიმე გადაცდომა იქნება, აუცილებლად გამოსწორდება“, – აღნიშნა ფანგანმა.

თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ აბონენტებს მოუწოდებს, დავალიანების დაზუსტების მიზნით ინტერნეტ ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული ინფორმაცია შეამოწმონ, ასევე დააკვირდნენ ქვითრის მომზადების თარიღს. ომპანია განმარტავს, რომ გამზადებული ქვითრების დაგზავნა, საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს არ მოხდა.

„აღნიშნული ქვითრები დაიგზავნა 3, 4 იანვარს და ასახავდა დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯს. თუ თქვენ დაფარეთ დავალიანება ამ თარიღში, წინა ან მომდევნო დღეებში, ეს ნიშნავს რომ მოსულ ქვითარში თქვენს მიერ გადახდილი თანხა ობიექტურად ვერ აისახებოდა. გთხოვთ, სმს შეტყობინებით მისულ ქვითარში დააკვირდეთ მისი მომზადების თარიღს“, – აცხადებენ „თელმიკოში“.

კომპანია ასევე განმარტავს, რომ დღეს არსებული ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს და ის არ გაზრდილა.

 

ამ თემაზე:

ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა გამოვლინდეს უზუსტობები – „თელმიკო“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]