weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ალავერდში, ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, სასტუმრო Alaverdi Resort აშენდება

19:11 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ალავერდის ტაძართან ახლოს, პრემიუმ კლასის, 32-ნომრიანი სასტუმრო Alaverdi Resort („ალავერდი რიზორტ“) აშენდება. სასტუმროს ასაშენებლად ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლური კაფსულა ვიცე-პრემიერმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ ჩაუშვეს. ღონისძიებას პარლამენტარები და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითიც ესწრებოდნენ.

გოგი სალაყაიას თქმით, პროექტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.

მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე მინისტრმა დავითაშვილმა განაცხადა, რომ კახეთის რეგიონში მორიგი, ძალიან ღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

„ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ინვესტორებს, ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, რომ დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, თან ისეთ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა პანდემიის პირობებში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება. ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენ ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. Alaverdi Resort-ი იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, Alaverdi Resort-ი წელიწადში, 8-10 ათას ვიზიტორს მიიღებს და დაასაქმებს 80 ადამიანს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი იქნება.

 

ამ თემაზე:

როგორი იქნება სასტუმრო, რომელიც ალავერდის ტაძართან შენდება – ფოტოები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]