weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რა შემოაქვს საქართველოს იმ პროდუქტებიდან, რომელთა ექსპორტიც უკრაინამ აკრძალა

18:43 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის რეზოლუციით, აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურას, შაქრის, მარილის, ხორბლის, ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტი. აკრძალვა წლის ბოლომდეა ძალაში და უკრაინის მთავრობამ ის პროდუქტების სიმცირის რისკის გამო მიიღო.

მხოლოდ მთავრობის სპეციალური ლიცენზიით იქნება შესაძლებელი ხორბლისა და მესლინის, სიმინდის, ქათმის ხორცის, კვერცხისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტი. 

„ახალი წესები ექსპორტზე განპირობებულია უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად და კრიტიკულად მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტებზე მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, რომან ლეშჩენკომ.

ჩამოთვლილი პროდუქტებიდან, საქართველოს უკრაინიდან მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შემოაქვს შვრია, წიწიბურა და ფეტვი. მცირეა უკრაინული ხორბლის, სიმინდისა და ცოცხალი პირუტყვის წილიც.

საქართველო უკრაინიდან ძირითადად მარილს, ხორცსა და მზესუმზირის ზეთს ყიდულობს. 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს იმპორტირებული მარილის 27%-მდე უკრაინაზე მოდიოდა, გასულ წლებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იყო და მაგალითად, 2018 წელს 40% შეადგინა.

შედარებით დიდი, 12%-მდეა უკრაინის წილი ხორცის იმპორტშიც. მზესუმზირის ზეთის იმპორტში კი 2021 წელს უკრაინის წილი 5%-მდე იყო.

მთავარი სასაქონლო ჯგუფი, რასაც საქართველო უკრაინიდან ყიდულობს, თამბაქოს ნაწარმია. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოზე შეზღუდვები არ დაწესებულა, მარკეტებში უკვე შეიქმნა სიგარეტის დეფიციტი. 

საქართველო შაქარს, რომელზეც რამდენიმე დღეა დედაქალაქსა და რეგიონებში დეფიციტია, ძირითადად, ბრაზილიიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან ყიდულობს. 

უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე, ხოლო რუსეთი მეთორმეტე ადგილზეა. თბილსის ბევრ სუპერმარკეტში დეფიციტია ზეთზე, სხვადასხვა მარცვლეულსა და ბურღულეულზეც. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანაში „მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს“.

„დეფიციტის მთავარი მიზეზი პანიკური შესყიდვებია, გარდა ამისა, რამდენიმე დღეა ლარსი დაკეტილია და ეს მიწოდებას აფერხებს. თუმცა ეს ყველაფერი დროებითია“, - დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ შეიძენენ შაქარს ან რომელიმე სხვა პროდუქტს ჭარბი ოდენობით, რადგან სწორედ ეს ქმნის ხელოვნურ დეფიციტს და მას არაფერი აქვს საერთო უკრაინიდან იმპორტთან. 

2021 წელს უკრაინიდან საქართველოში შემოსული იმპორტის ათეულში საკვები პროდუქტები ბოლო ადგილებზეა: 

  1. თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $87 მლნ;
  2. შავი ლითონები და შავი ლითონების ნაწარმი - $67 მლნ;
  3. ბირთვული რეაქტორები, დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები - $24 მლნ;
  4. ფარმაცევტული პროდუქცია - $22.7 მლნ;
  5. ელექტრული მანქანები, მოწყობილობები და მათი ნაწილები - $19 მლნ;
  6. კვების მრეწველობის ნარჩენები, მზა საკვები ცხოველებისათვის - $18.9 მლნ;
  7. ქაღალდი და მუყაო, ნაწარმი ქაღალდის მასის, ქაღალდის ან მუყაოსგან - $17.9;
  8. რძის პროდუქცია, ფრინველის კვერცხი, ნატურალური თაფლი - $16 მლნ;
  9. მზა პროდუქტები პურეული მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისგან - $15.1 მლნ;
  10. ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები - $14 მლნ.

უკრაინა ევროპისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, უკრაინის ხორბლის ექსპორტის 20%-მდე ევროკავშირზე მოდის. 

საერთო ჯამში, რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს ხორბლის მესამედს აწვდის, თუმცა ომმა და რუსეთზე დაწესებულმა დასავლეთის სანქციებმა უკვე შეაფერხა ვაჭრობა. ორი მსხვილი ექსპორტიორის პორტები ჩაკეტილია, შეზღუდვები ფართოვდება, პარიზის ბირჟაზე ხორბლის ფასმა კი 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

დოლარსა და ევროში საბანკო გადარიცხვების შეზღუდვის გამო, რუსეთიდან ხორბლის შემოტანას ვეღარ ახერხებენ ქართველი იმპორტიორებიც.

იმპორტ-ექსპორტს ზღუდავს რუსეთიც. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, აპირებს 2022 წლის ბოლომდე აკრძალოს გარკვეული პროდუქციისა და ნედლეულის ყიდვა-გაყიდვა. რუსეთის მთავრობას კონკრეტული პროდუქტებისა და ქვეყნების სია ჯერ არ შეუდგენია.

 

ამავე თემაზე:

რას ვყიდულობთ და ვყიდით უკრაინაში

საქართველო რუსეთისგან ხორბალს ვეღარ ყიდულობს და სხვა ბაზრებს ეძებს – სანქციების ეფექტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]