weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსული ბაზარი ქართული ღვინის გარეშე რჩება

19:05 ორშაბათი, 14 მარტი 2022
ფოტო: David Pipia, JAMnews ფოტო: David Pipia, JAMnews

რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინაში პროდუქციის გატანა ისედაც შეუძლებელია, დასავლეთის ეკონომიკური სანქციები კი ღვინის ექსპორტს რუსეთშიც აფერხებს.

„ცალსახაა, ამ ფაქტორმა ყველგან იმოქმედა, ახლა უკრაინაში ექსპორტი გამორიცხულია და ვერც ხორციელდება, რადგან ქვეყანა ფორსმაჟორშია. რუსეთთანაც, ჯერჯერობით, ყველაფერი გაჩერებულია, თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ მუშაობა უპრობლემოდ გაგრძელდება. ყველა ბანკი გაჩერებული არაა და რუსებმა დავალიანების ნაწილი უკვე ჩარიცხეს, პანიკის საფუძველი რომ არ იყოს. გარკვეული ბანკებიდან დოლარშიც შესაძლებელია გადმორიცხვა, თუმცა თანხები ლიმიტირებულია და ერთჯერადად 3000$-ზე მეტის გადმორიცხვა არ შეუძლიათ“, – გვეუბნება „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორი, როლანდ ბურდიაშვილი.

იგივე უთხრეს „რეგინფოს“ „ქართული ღვინის სახლშიც“, – „უკრაინაში არა, მაგრამ რუსეთში ექსპორტი შესაძლებელია, უბრალოდ, პროცედურებია გართულებული. თუმცა ჯერ ბოლომდე გარკვეული არაფერია“.

საქართველოსთვის ღვინო ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია და 2021 წლის მონაცემებით, ქვეყნის ექსპორტის 5.6% სწორედ ამ პროდუქციაზე მოდის.

გასულ წელს ქვეყნიდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთი და უკრაინა ქართული ღვინის ორი უმსხვილესი მომხმარებელია – 2021 წელს მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში ღვინის ექსპორტით შემოვიდა საქართველოში 155.9 მილიონი დოლარი, რაც მთლიანად ექსპორტირებული ღვინის 65%-ია.

რუსეთის ბაზრის არასანდოობა, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ქართველმა მეღვინეებმა საკუთარ თავზე 2006-2013 წლებშიც გამოსცადეს, როდესაც რუსეთმა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე ემბარგო დააწესა.

ემბარგო ყველაზე მძაფრად ღვინის ბიზნესზე აისახა – 2006 წელს, წინა წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი ორჯერ შემცირდა და 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ემბარგოს მოხსნამდე, 2013 წლამდე, ღვინის წილი ექსპორტში ძალიან დაბალი იყო, 2%-ზე ოდნავ მეტი.

რუსული გაზეთის, „კომსომოლსკაია პრავდას“ 2006 წლის 5 მაისის ნომერი. ილუსტრაცია, რომელიც მკითხველს მოუწოდებს, არ დალიოს ქართული ღვინო.

2013-ში ემბარგო მოიხსნა და ამ წელსვე გაორმაგდა ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზრის ხარჯზე. რუსეთმა ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორის სტატუსი დაიბრუნა. 

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ფიქრობს, რომ რუსულ ბაზარს ერთ და ორ დღეში ვერ ჩავანაცვლებთ, ალტერნატიულ ბაზრებს მუდმივად უნდა ვეძებდეთ და არა მაშინ, როდესაც უშუალოდ პრობლემის პირისპირ აღმოვჩნდებით, – „რუსეთში ღვინის გაყიდვა გაცილებით მარტივია, განსაკუთრებით თუ დიდი რაოდენობით პროდუქციას აწარმოებ. მომხმარებელში ქართული ღვინის ცნობადობა და მეხსიერება მაინც არის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია – სხვაგან ჩვენ გვიწევს, რომ ჯერ ცნობადობა ავამაღლოთ და შემდეგ ვიფიქროთ ღვინის გაყიდვაზე. რუსეთში კონკურენცია და შესაბამისად, ხარისხზე მოთხოვნაც არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ევროპის ან ამერიკის ბაზარზე. ლოგისტიკასაც აქვს მნიშვნელობა, მართალია, ბიუროკრატია უფრო დიდია რუსეთში გატანისას, თუმცა ტრანსპორტირების მხრივ მაინც უფრო მარტივია“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ, მეტი და მეტი მეღვინე და კომპანია ცდილობს ევროპულ ბაზარზე გასვლას, ქართული ღვინო ჯერ კიდევ დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წელს ღვინის საერთო ექსპორტში რუსეთის წილმა 57% შეადგინა, რაც ემბარგომდე (როცა 80%-ზე მეტი რუსეთის ბაზარს ეკავა) და ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სანაცვლოდ, გაიზარდა ექსპორტი პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]