weather cur horoscope tv
აგვისტო 10, 2022

რთველის სუბსიდიიდან 30 მლნ ლარი „ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს – TI

13:41 პარასკევი, 29 აპრილი 2022

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირების პროცესში კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის, უპირატესობა ენიჭებათ „ქართული ოცნების“ შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეიწავლა, როგორ დაიხარჯა 2021 წლის რთველისთვის გამოყოფილი, ჯამში, 138 მილიონი ლარის სუბსიდია. გასულ წელს რთველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა. მთავრობამ სუბსიდიის მიზეზად ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა.

„საერთაშორისო გამწვირვალობა - საქართველო“ კვლევაში სუბსიდიის მიღების სქემას განმარტავს: სუბსიდირების წესსა და ყურძნის ფასს განსაზღვრავს მთავრობა. ყურძნის ჩაბარების მსურველი კომპანიები წინასწარ, ელექტრონული ფორმით რეგისტრირდებიან რთველის საკოორდინაციო შტაბში. რთველის დაწყების შემდეგ, ღვინის კომპანია უხდის მევენახეებს ყურძნის წინასწარ დადგენილ ღირებულებას, წარადგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ღვინის სააგენტოში, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდ ღვინის კომპანიებს ურიცხავს სუბსიდირებულ თანხებს.

2021 წელს ყურძენზე სუბსიდირებული თანხები შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 კგ რქაწითელზე 0.35 ლარი, 1 კგ კახურ მწვანეზე 0.35 ლარი, 1 კგ მუჯურეთულისა და 1 კგ ალექსანდროულისთვის – 3 ლარი. ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური ბარიერის გამო მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს.

„2021 წელს სახელმწიფოსგან გამოყოფილი სუბსიდიიდან 47 447 110 ლარი განაწილდა 83 ღვინის კომპანიაზე. თუმცა, ამ თანხის თითქმის 45% - 20 872 727 ლარი - ერგო სახელმწიფო შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“, რომელსაც მთავრობამ განსაკუთრებული როლი მიაკუთვნა. მის 100%-იან წილს სოფლის განვითარების სააგენტო ფლობს. ეს კომპანია მთავრობამ 2020 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სააქციო საზოგადოება „აკურას“ ქარხნის ბაზაზე შექმნა და ახლა უკვე სახელმწიფო მისი მეშვეობით ცდილობს ჭარბი მოსავლის მიღება/გადამუშავებას, სასპირტე მასალის წარმოებასა და მის გაყიდვას.

ამ თანხის გარდა, მთავრობამ რთველის სუბსიდირებაზე კიდევ 86 500 000 ლარი გამოყო, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა 2020 წლის რთველზე სააქციო საზოგადოება „აკურას“ მიერ აღებული სასესხო ვალდებულებები, დიდი ნაწილი კი პირდაპირ გადაეცა შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ 2021 წლის რთველის ფარგლებში კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ყურძნის ჩაბარების, მისი ტრანსპორტირების, გადამუშავების, იჯარისა და სასესხო ვალდებულებების ასანაზღაურებლად, ასევე დასეტყვილი ყურძნის შესასყიდად.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ გამარტივებულ შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 აგვისტოს #1461 განკარგულების საფუძველზე. განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე არ დევს. სწორედ ეს განკარგულება აძლევს “მოსავლის მართვის კომპანიას” იმის საშუალებას, რომ გააფორმოს გამარტივებული შესყიდვები, ბაზრის კვლევის და სხვა პროცედურების გვერდის ავლით. ჩაბარებულ მოსავალს “მოსავლის მართვის კომპანია” ამუშავებს, ასაწყობებს და ინახავს ქვეკონტრაქტორ ღვინის კომპანიებში, პროდუქციას კი აუქციონის გზით ყიდის“, – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობამ „მოსავლის მართვის კომპანია“ სწორედ იმიტომ შექმნა, რომ ჭარბი მოსავლის პრობლემა მოაგვაროს და მევენახეებში უკმაყოფილება დააცხროს, მით უფრო მაშინ, როცა რთველი და არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა.

„ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გადასახადის გადამხდელის ფული პოლიტიკური მიზნებით იხარჯება და საჯარო სიკეთის შექმნას არ ემსახურება.

კომპანიები, რომლებიც იღებენ საკმაოდ დიდ სუბსიდიებს, ამავდროულად არიან „ქართული ოცნების“ შემწირველები, მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ძირითადად იღებენ გამარტივებულ შესყიდვებს“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მკვლევარები.

კვლევაში აღნიშნულია, რომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ შესყიდვებს ძირითადად „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური კომპანიები იღებენ.

„ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30 343 512 ლარის ოდენობის თანხა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%-ს შეადგენს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

კვლევის მიხედვით, სუბსიდიის მსხვილი ბენეფიციარები არიან:

  • სს „სარაჯიშვილი“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, სს „სარაჯიშვილმა“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 4 460 683 ლარი მიიღო. კომპანიის გენერალური დირექტორი, ზურაბ ბუბუტეიშვილი „ქართული ოცნების“ საკმაოდ მსხვილი შემწირველია. 2016 წლიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით მან 290 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.

„2021 წელს „სარაჯიშვილი“ ჩაერთო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში და ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დაზიანებული ყურძენიც ჩაიბარა: შპს „მოსავლის მართვის კომპანიისგან“ 648 000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა მიიღო შპს „სარაჯიშვილი ვაინერი ენდ დისთილერმა“, რომლის ერთ-ერთი დირექტორია ზურაბ ბუბუტეიშვილი, ხოლო 1 080 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო კიდევ ერთმა შვილობილმა კომპანიამ - შპს „სარაჯიშვილი დისთილერმა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

  • ძმები ჩხაიძეების ღვინის კომპანიები:

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, კომპანიამ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 4 366 848 ლარი მიიღო. კომპანიის გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ზურაბ ჩხაიძეა შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ და ზურაბ ჩხაიძემ, ერთობლივად, „ქართული ოცნებას“ 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 420 000 ლარი შესწირა.

შპს „ასკანელი ძმები“ – კვლევის მიხედვით, ღვინის სააგენტომ „ასკანელ ძმებს“ სუბსიდიის სახით 2 576 109 ლარი მისცა. კომპანიის დირექტორმა, ირაკლი უგლავამ 2020-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ 35 000 ლარი შესწირა, ხოლო ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯიმშერ ჩხაიძემ 2019 წელს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 10 000 ლარი გაიღო. კომპანიის 55%-იანი წილის მფლობელია გოჩა ჩხაიძე, რომელიც იმავდროულად არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

შპს „ქართველი“ – შპს „ქართველის“ 100% წილის მფლობელია შპს „ლ.ს.ა. გრუპი“, რომლის 100% წილის მფლობელი თავის მხრივ არის ჯიმშერ ჩხაიძე. ამ კომპანიამ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 326 900 ლარი მიიღო.

  • ვახტანგ კარიჭაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები:

შპს „უნივერსალ სპირიტს“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია შპს „უნივერსალ სპირიტს“, რომელმაც 2021 წლის რთველის სუბსიდიიდან გამარტივებული შესყიდვით 3 912 000 ლარი მიიღო და გურჯაანში დასეტყვილი მოსავალი შეისყიდა. ამჟამად კომპანიის მესაკუთრეა შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანება“, რომლის 80%-იანი წილის მფლობელია „Bolero & Company“-ს პრეზიდენტი, ვახტანგ კარიჭაშვილი. კარიჭაშვილს ორმაგი (საქართველოს და რუსეთის) მოქალაქეობა აქვს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია და მასთან ერთად ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

როგორც შპს „Bolero & Company“-ს, ასევე შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანების“ დირექტორია ირაკლი ბექაური, რომელმაც 2018-2021 წლებში „ქართულ ოცნებასა“ და მის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 150 000 ლარი შესწირა, 2018-2019 წლებში „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შესწირა შპს „Bolero & Company“-ს მეორე დირექტორმა, თორნიკე მახათაძემაც.

შპს „გრუზვინპრომი“ – შპს „Bolero & Company“ ფლობს კიდევ ერთი კომპანიის შპს „გრუზვინპრომის“ 100%-იან წილს. „გრუზვინპრომმა“ 2021 წელს ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 47 901 ლარი, ხოლო შპს „მოსავლის მართვის კომპანიისგან“ 743 810 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ამ კომპანიის დირექტორია მამუკა ფოთოლაშვილი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც შპს „Bolero & Company“-ს დირექტორი იყო.

შპს „ათენა“ – კვლევის მიხედვით, შპს „ათენამ“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 627 581 ლარი მიიღო. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „მილადა ინტერნეიშენალი“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ 100 000 ლარი შესწირა. 2018 წელს კომპანიას სხვა მესაკუთრეები ჰყავდა, დღეს „მილადა ინტერნეიშენალის“ 100% წილის მესაკუთრეა ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც ასევე შპს „Bolero & Company“-ს მესაკუთრეა. „მილადა ინტერნეიშენალის“ დირექტორს, ლერი რაზმაძეს ჯამში 9000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, მას ვახტანგ კარიჭაშვილთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს: ლერი რაზმაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის შვილია, ვახტანგ კარიჭაშვილის მეუღლე კი დავით რაზმაძის დაა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს.

შპს „როქ ლოჯისტიქსი“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიხედვით, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ ოთხი გამარტივებული შესყიდვა, საერთო ღირებულებით 720 000 ლარი - გაუფორმა შპს „როქ ლოჯისტიქსს“, რომლის მესაკუთრე და დირექტორიც ლერი რაზმაძეა.

შპს „ემ.ემ.ბე“ – კვლევაში აღნიშნულია, რომ შპს „ემ.ემ.ბემ“ შპს „მოსავლის მართვის კომპანიისგან“ 70 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს საპატრიარქო. მისი დირექტორი არის კახაბერ მახათაძე, რომელმაც 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ 90 000 ლარი შესწირა, 2017-2019 წლებში კი ზესტაფონის მერი იყო. დღეს შპს „Bolero & Company“-ს ერთ-ერთი დირექტორია მისი შვილი, თორნიკე მახათაძე. კომპანიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს, იოსებ სიხაშვილს, 2021 წელს 30 000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისათვის“.

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მის ოჯახთან უშუალოდ დაკავშირებული კომპანიები:

შპს „ვაინ კახეთი“ – კვლევის მიხედვით, შპს „მოსავლის მართვის კომპანიისგან“ შპს „ვაინ კახეთმა“ 550 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო. „ეს კომპანია პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმას და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ალექსანდრე თამაზაშვილს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორია ლევან ზილფიმიანი, საქართველოს პარლამენტის წევრის (საპარლამენტო ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) დავით ზილფიმიანის შვილი“, – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

შპს „დი ჯი ელ“ – 2021 წლის 23 აგვისტოს დარეგისტრირებმა კომპანია „დი ჯი ელ“-მა შპს „მოსავლის მართვის კომპანიისგან“ 900 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა რეგისტრაციიდან ზუსტად 9 დღეში მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღნიშნავს, რომ კომპანიის მისამართია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მირზაანი, მესაკუთრე თამარ ალუღიშვილია, ხოლო დირექტორი ზაქარია ბოსტოღანაშვილი.

„თამარ ალუღიშვილი არის დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილი. ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი არის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველი. კვლევის მომზადების პროცესში ნუგზარ ალუღიშვილმა ჟურნალისტების წინააღმდეგ მასთან დაკავშირებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა“, – აღნიშნულია კვლევაში.

შპს „ქინძმარაული“ – კვლევის მიხედვით, შპს „ქინძმარაულმა“ შპს „მოსავლის მართვის კომპანიისგან“ 150 000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა, ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით კი - 50 428 ლარი მიიღო. ეს კომპანია კახეთის ყოფილ გუბერნატორსა და პარლამენტის ყოფილ წევრს „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი შიოლაშვილს ეკუთვნის.

 შპს „რთველისი“ – შპს „რთველისმა“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 57 368 ლარი მიიღო. კომპანიის 25%-იან წილს შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფლობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც წერდა ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრების შესახებ მას შემდეგ, რაც მან მინისტრის თანამდებობა დატოვა.

  • პარლამენტის წევრთან, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიები

სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სააქციო საზოგადოება „კოტეხი - გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 1 342 509 ლარი მიიღო.

ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დავით დუგლაძე, წევრები კი - ეკატერინე დუგლაძე, დავით დუგლაძის ძმის, პარლამენტის ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის მეუღლე და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი არიან.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ ღვინის სააგენტოდან სუბსიდიის სახით მიიღო 759 988 ლარი მიიღო. ამ კომპანიას 23-23%-იანი წილით ფლობენ დავით დუგლაძე, ზაალ დუგლაძე (რომელმაც ამ კომპანიაში თავისი წილი ძმაზე გაასხვისა), ალექსანდრე ივანიშვილი და მალხაზ ყანჩაველი. 8%-ის მფლობელია გიორგი კაპანაძე, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. კომპანიის დირექტორია დავით დუგლაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ დავით დუგლაძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია: 2016-2020 წლებში მან 155 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. 2012 წელს მას 60 000 ლარი ჰქონდა შეწირული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. ზაალ დუგლაძემ 2016-2020 წლებში, ვიდრე დეპუტატი გახდებოდა, მმართველ პარტიას 115 000 ლარი მისცა. მალხაზ ყანჩაველმა 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 105 000 ლარი შესწირა.

კვლევის მიხედვით, სუბსიდიის მიმღებმა 31-მა კომპანიამ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 2016-2021 წლების განმავლობაში, 3 626 420 ლარი გაიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სუბსიდიის მიმღები სხვა კომპანიები იყვნენ:

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ და სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად უპროცენტო აგროსესხებით.

კვლევის მიხედვით, 2021 წელს შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ ყურძენში შაქრის მზომი 30 ერთეული მოწყობილობა გამარტივებული წესით შეიძინა. იმის გამო, რომ ხელსაწყოებს საქართველოში არ ამზადებენ, ისინი შემოიტანა შპს „ენოგრუპმა“, რომლის სათაო ოფისი უკრაინაში მდებარეობს, საქართველოს ფილიალი კი თელავის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. სახელმწიფოს შესყიდვაში მხოლოდ ეს ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და მან 3 000 000 ლარზე მეტი ოდენობის შესყიდვა მიიღო.

„საქართველოს მთავრობამ იცოდა, როდის უნდა დაწყებულიყო რთველი და შეეძლო, შაქრის მზომი აპარატები შეეძინა ბევრად ადრე, გამოეცხადებინა საერთაშორისო ტენდერი და, შესაძლოა, უფრო იაფად ეყიდა ინსტრუმენტები, თუმცა მან ეს არ გააკეთა და პირდაპირი/გამარტივებული შესყიდვის გზა არჩია. ქვეყნის ბიუჯეტს ერთი ერთეული ხელსაწყო 100 000 ლარი დაუჯდა“,– აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, შაქრის მზომი აპარატები სავალდებულო სტანდარტიზაციას არ ექვემდებარება და ამის გამო გაუგებარია, რა ხარისხის და წარმომავლობის ხელსაწყოებზეა საუბარი, აქვს თუ არა მას შესაბამისი გარანტია, რა ვალდებულებები ეკისრება შემომტან კომპანიას ქარხნული წუნისა თუ სხვა ტექნიკური გაუმართაობის შემთხევევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციებია:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მოახდინონ მათზე რეაგირება. ასევე უნდა შეისწავლოს ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობების შესყიდვის გამჭვირვალობა და აუცილებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული ხელსაწყოების შესყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ;
  • აუცილებელია, რომ თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს;
  • ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვრივალედ და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ;
  • აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ანგარიშზე.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]