weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

„ბორჯომის“ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

14:32 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022
ფოტო: Giorgi Diasamidze / Facebook ფოტო: Giorgi Diasamidze / Facebook

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა კომპანიამ, რეორგანიზაციის შედეგად, 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც IDS Borjomi Georgia აცხადებს, რომ თანამშრომელთა ნაწილი ხელშეკრულების ახალ პირობებს არ დათანხმდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ იძულებული გახდნენ, ხელშეკრულებებში ცვლილება შეეტანათ, რადგან დასაქმებულებისთვის მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

„შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები, რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი. სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის ეს მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები“, – განაცხადეს დღეს, 5 მაისს, კომპანიაში.

IDS Borjomi Georgia-მ, რომელიც სანქცირებული რუსი მილიარდერის კუთვნილი კონსორციუმის შემადგენლობაშია, ბორჯომში მდებარე ორი ჩამომსხმელი ქარხანა 29 აპრილიდან დროებით გააჩერა. ქარხნების თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის მიერ წამოყენებულ ახალ პირობებს არ თანხმდება და ხელშეკრულებას ხელს არ აწერს. ისინი მიიჩნევენ, რომ კონტრაქტში დასაქმებულთა ინტერესები არ არის გათვალისწინებული და ითხოვენ გარანტიებს, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ, ძველი სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით იმუშავებენ.

„თავისი მიზეზით გვაცდენენ, ჩვენი მიზეზის გამო – არა. მე რომ ერთი დღე გავაცდინო და არ გამოვცხადდე სამსახურში, შეიძლება, სამსახურიდან გამაგდონ.

უნდათ, რომ ახალ ინვესტორს ამ ტარიფებით შეგვაჩეჩონ. კომპანია უეჭველი გაიყიდება, ვინ გააჩერებს ფულის დაზგას? პანდემიის დროს მსოფლიო გაჩერდა და ჩვენ არ გავჩერებულვართ ერთი წუთითაც.

ყველას უნდა, რომ მუშის კისერზე იცხოვროს. ეს მათ ინტერსებში შედის, თორემ ჩვენ რას ვითხოვთ? - საარსებო მინიმუმს“, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომლემა ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“.  

ბოლო დღეების განმავლობაში „ბორჯომის“ თანამშრომლები უშედეგოდ ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და IDS Borjomi Georgia-ს გენერალურ დირექტორთან, ყოფილ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას. პროფკავშირმა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა და მედიატორის გამოყოფის მოთხოვნით შრომის სამინისტროსაც მიმართა. პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, თუ შეთანხმება ვერ შედგება, დასაქმებულები გაფიცვის უფლებას გამოიყენებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]