weather cur horoscope tv
ოქტომბერი 03, 2023

სონღულაშვილი: საქართველოს მთავრობა „ხუდონჰესის“ პროექტის გაცოცხლებას გეგმავს

11:36 შაბათი, 02 ივლისი 2022

მთავრობა ზემო სვანეთში „ხუდონჰესის“ პროექტის გაცოცხლებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა USAID-ისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე გააკეთა.

„საქართველოს მთავრობა „ხუდონჰესის“ პროექტის გაცოცხლებას გეგმავს, რომლის თანახმადაც, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს,“ – თქვა სონღულაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დიდი ჰესების მშენებლობა გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული და ქვეყანა განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებას გეგმავს „ენერგომოხმარების სტრუქტურაში მზისა და ქარის ენერგიის აქტიური ჩართვით“.

„შედეგად, 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი 35%-მდე გაიზრდება. ჩემი მოსაზრებით, რამდენიმე პროექტის მკვეთრად გამოკვეთა დაგვჭირდება ამ მიმართულებით, იმისთვის რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იყოს მაღალი“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

მისი თქმით, ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანების წევრ ქვეყნებთან გეოგრაფიული საზღვარი არ აქვს, ინფრასტრუქტურული დაკავშირების კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. სონღულაშვილის განცხადებით, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

„ქვეყანას უჩნდება პოტენციალი შეიძინოს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს და განახორციელებს ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე.

2022 წელს საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რამდენიმე პროექტი დაამტკიცა, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია. მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ. იქნება“, – ამბობს სონღულაშვილი.

მისივე ინფორმაციით, იწყება მუშაობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე, რაშიც ხელისუფლებას აშშ-ის მთავრობა ეხმარება.

„გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, პროცესი მიმდინარეა და სამუშაო ჯგუფებიც უკვე აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ამ სამუშაოებში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი ჩავრთოთ და ვუზრუნველყოთ საერთო სახალხო თანამონაწილეობა“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

650 მეგავატიანი „ხუდონჰესის“ აშენება ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშშია დაგეგმილი. პროექტი მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ დიდი ჰესები, მათ შორის „ხუდონჰესი“, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს.

„ხუდონჰესის“ პროექტით 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლისა და 528 ჰექტარზე წყალსაცავის მშენებლობა იყო გათვალისწინებული. აშენების შემთხვევაში, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება 1300 მეგავატიანი „ენგურჰესის“ შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]