weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

სომხეთის ტვირთისთვის რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება იგეგმება

21:08 პარასკევი, 12 აგვისტო 2022

რამდენიმე დღეში რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება, რომლითაც სომხეთში ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა გაავრცელა და განაცხადა, რომ დასკვნითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში, გრაფიკიც გამოქვეყნდება.

საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე პორტ „კავკაზის“ მიმართულებაზე. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო თვეებში საბორნე მიმოსვლის დაწყების თარიღი რამდენჯერმე დასახელდა, 5 მაისის მთავრობის სხდომაზე კი ბოლო ვადად 15 ივლისი განისაზღვრა. დღეს, 12 აგვისტოს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში ომის გამო ახალი სირთულეები წარმოიშვა.

„მოდით, ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, დავიცადოთ რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება. დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ დაკავშირებულია ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან და წნეხთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ქერობიანმა.

დღის ბოლოს ამ საკითხზე განმარტება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც გააკეთა. სააგენტოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია და სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულია.

„სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.

სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის – „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე“ წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ქართული მხარე საბორნე მიმოსვლის დაწყების თარიღზე არაფერს ამბობს.

რუსეთი სომხეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და მთავარი საექსპორტო ბაზარია. სომხეთიდან რუსეთში ტვირთი „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადის. ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]