weather cur horoscope tv
ნოემბერი 10, 2024

რთველის დასრულების შემდეგ კახეთი „ქართული ღვინის კვირეულისთვის“ ემზადება

14:05 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

კახეთში რთველი დასასრულისკენ მიდის, თუმცა კიდევ ერთი დღესასწაული კახეთის მოსახლეობას წინ ელის - ოქტომბრის დასაწყისში, წელს უკვე მეოთხედ, „ქართული ღვინის კვირეული“ აღინიშნება. ამის პარალელურად კი, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გრძელდება გამოფენა სახელწდებით: „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ქართული მეღვინეობის დარგისა და ქართული ღვინის კულტურისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს.

- „რთველი-2017“ ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი არასუბსიდირებული რთველია, როგორ მიდის პროცესი?

- მეღვინეობის დარგის არსებულმა მდგომარეობამ, ღვინის ექსპორტის ზრდამ და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნილებამ, მოგვცა შესაძლებლობა, რომ კახეთის რეგიონში წელს ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. შედეგად, ვხედავ, რომ მევენახეები ფასით უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან. ყურძენზე წელს დაფიქსირებული ფასები ხელოვნური არ არის. ეს არის ფასი, რომელიც ბაზარმა დაადგინა. სახელმწიფო არ ერევა ფასების დადგენაში, კერძო სუბიექტები - მეწარმე და მევენახე - თვითონ აღწევენ შეთანხმებას, როგორც ყურძნის ფასზე, ისე გადახდის პირობებზე.

წელს 1 კგ რქაწითელის ფასი მინიმუმ 70 თეთრიდან იწყებოდა და 85 თეთრამდე იყო, ცალკეულ შემთხვევებში, მეწარმეებმა ხარისხიან რქაწითელში 1 ლარიც გადაიხადეს. რაც შეეხება საფერავს, 1 კგ-ის მინიმალური ფასი 1.20 ლარიდან ზევით, ხოლო მიკრო ზონის საფერავში კომპანიები 1.70 ლარიდან  2.50 ლარამდე იხდიდნენ. შედეგად, 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მევენახეების შემოსავლებმა უკვე 100 მლნ ლარს მიაღწია.

- რა ეტაპზეა ამჟამად რთველი?

- დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია. შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი  უკვე გადამუშავებულია. ღვინის საწარმოებს 12 ათასზე მეტმა მევენახემ  ჩააბარა ყურძენი. რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში - ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის საწარმო. მას შემდეგ, რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ რთვლის პროცესი კახეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

- „საქართველომეღვინეობის აკვანი“ – ამ სახელწოდებით, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გამოფენა ივლისის ბოლოს გაიხსნა. სექტემბერში ცენტრის შესავლელში ქართული ქვევრიც დაიდგა. რით არის ეს გამოფენა მნიშვნელოვანი ქართული ღვინისთვის?

- საქართველო ის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია. გამოფენის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელმაც საინტერესო ექსპოზიცია მოამზადა. გამოფენა 4 თვის განმავლობაში საფრანგეთში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს. ჩვენ ამ მნიშვნელოვანი ამბისთვის წელიწადზე მეტ ხანს ვემზადებოდით, რათა შინაარსობრივი და ვიზუალური მხარე მაქსიმალურად სწორად წარმოჩენილიყო. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, სპეციალურად ბორდოს გამოფენისთვის მოამზადა პროექტი სახელწოდებით, „ვაზისა და ღვინის კულტურა საქართველოში“, რომელიც 8000 წლის წინანდელი მდიდარი არტეფაქებით და სხვადასხვა არქეოლოგიური მასალით არის დატვირთული. ამით გადავწყვიტეთ ხაზი გაგვესვა ღვინის კულტურის ისტორიის უწყვეტობისა და სიძველისთვის. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად დაიდგა ქართული ქვევრი. სწორედ, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს მიანიჭა „იუნესკომ“ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გამოფენაზე ასევე რამდენიმე ქართული კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. ბორდოს მუზეუმს დღეში სულ ცოტა 500 ვიზიტორი ჰყავს და 4 თვის მანძილზე ათეულ ათასობით სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ქართული ღვინის კულტრას და დააგემოვნოს ქართული ღვინო. ეს არის ძალიან კარგი საშუალება დასავლეთის ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და უდიდესი პერსპექტივების გახსნის წინაპირობაა. გამოხმაურება, რომელიც გამოფენამ უკვე გამოიწვია, ცალსახად წაადგება ბიზნესსაც და მთლიანად მეღვინეობის დარგსაც.

- კიდევ რა მნიშვნელოვან ღონისძიებებს გეგმავს უახლოეს მომავალში ღვინის ეროვნული სააგენტო? როგორც ვიცით, წელს მეოთხედ აღინიშნება „ქართული ღვინის კვირეული“.

- ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართულობა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ღვინის სააგენტო 5 სტრატეგიულ ქვეყანაში ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიას. ესენია: აშშ, ჩინეთი, იაპონია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ადგილობრივი PR-კომპანიები, ღვინის მაგისტრები და წარმომადგენლები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, რომ ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო ამაღლდეს. ამ ქვეყნების გარდა, ქართული ღვინო წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ღვინის გამოფენაზე მსოფლიოს ყველა მოწინავე, მეღვინეობით განთქმული ქვეყნების მხარდამხარ.

ამასთან ერთად, წელს, უკვე მეოთხედ აღინიშნება „ქართული ღვინის კვირეული“, რომლის ფარგლებშიც 7 ოქტომბერს ქალაქ თელავში, ღვინისა და რთველის დიდი ზეიმი „თელავინო“ აღინიშნება. 8 ოქტომბერს კი, გაიმართება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება. ეს ღონისძიებაც კვირეულის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. 1 ოქტომბერს თბილისის N1 ღვინის ქარხანაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, რომელიც გასულ წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, წელს უკვე მეორედ „ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]