weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„საქართველო -„ღვინის აკვანი“

10:49 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი" ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის, ცნობილი ღვინის მაგისტრის ჯულია ჰარდინგის, ღვინის ექსპერტის ერვე რომას და ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის ანა გოდაბრელიძის ხელმძღვანელობით.

დეგუსტაცია-პრეზენტაციის ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი - ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) მიმდინარე წლის ივლისიდან ქართული გამოფენა უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნოს და ამავე დროს, ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღოს მონაწილეობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, გამოფენა ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა: „გამოფენის ფარგლებში არაერთი დეგუსტაცია-პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოს, ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებას, ღვინის დაყენების მეთოდებს. ასეთი დეგუსტაციები საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა არა მარტო დააგემოვნოს ღვინო, არამედ დასვას კითხვები, მიიღოს მეტი ინფორმაცია, გაეცნოს სხვადასხვა მოსაზრებას“, - ამბობს გიორგი სამანიშვილი.

მუზეუმის სტუმრებისთვის გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრეს ღვინის ექსპერტებმა ჯულია ჰარდინგმა და ერვე რომამ.

„საქართველოს წარმოჩენა ბორდოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორდო არის მეღვინეობის უდიდესი რეგიონი, სადაც ბევრი და კარგი ღვინო იწარმოება. ამ რეგიონს მეღვინეობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არა იმაზე დიდი ხნის, ვიდრე საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია გამოფენის ვიზიტორებს გავუზიარო ქართული ღვინის ხარისხის, მისი ხასიათის შესახებ მოსაზრებები“, - აღნიშნა ჯულია ჰარდინგმა.

ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში ჩატარებული შედეგების ანგარიში წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილმა გახსნა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილე მეცნიერებს.

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოგვეჩინა ეთნოგრაფიის, პალეობოტანიკის, მოლეკულური გენეტიკის, არქეოლოგიის, აგროკლიმატოლოგიის და კიდევ არაერთი მიმართულებებით გაწეული კვლევების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ. სწორედ ამ შედეგებისა და მიმდინარე კვლევების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი აქტუალობას არ კარგავს და მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ კეზელმა სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, რომ სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის აკვანი.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ სპეციალური მოხსენებით მეცნიერთა ჯგუფის წინაშე პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern) წარსდგა. როგორც ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, არსებობს გარკვეული წესები და შეთანხმებები. ფართო საზოგადოება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევის საერთაშორისო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაციას უახლოეს ხანში მიიღებს.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და მოსაზრებები შეაჯერეს.
მეცნიერთა ჯგუფის შეკრება ქალაქ ბორდოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო" ფარგლებში გაიმართა. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, აშშ-დან.

ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების პარალელურად,საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის კვირეული“ აღინიშნა. კვირეული “ქართული ღვინის ფესტივალით“ გაიხსნა მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში.

ფესტივალის მსვლელობის დროს, საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს ღვინო, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.

კვირეულის ფარგლებში, თბილისში გაიმართა საფესტივალო აქციაც: „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017" , სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილმა თუ დამწყებმა მარნებმა თავიანთი ღვინოები წარმოადგინეს. ათასობით სტუმარმა 40-მდე ღვინის მარნის 200-მდე დასახელების ღვინის დაგემოვნება შეძლო. „ქართული ღვინის კვირეულს“, ბუნებრივია, არც კახეთი გამოკლებია. ფესტივალმა გურჯაანიდან აიღო სტარტი. წარმოდგენილი იყო, როგორც ოჯახური, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნის მიერ წარმოებული ღვინო.

ღონისძიების სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა მიმართა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის დაფუძნება მიულოცა.

„ქართული ღვინის კვირეულს“ უკვე მეოთხე წელია ვატარებთ საქართველოს მასშტაბით. თავდაპირველად, გაიმართა ქართული ღვინის დღე, რომელმაც შემდგომში კვირეულის სახე მიიღო, რადგან მოსახლეობას, მევენახეებს, ღვინის დამფასებლებს აერთიანებს სურვილი, რომ რთველის დასასრული, ეს შესანიშნავი პერიოდი, ყველამ ერთად იზეიმოს“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კულტურის ისტორიის პავილიონები, საშემოდგომო ნობათი, მოამზადეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები, სახალისო ვიქტორინაში გათამაშდა ღვინოები, გაიხსნა ქვევრი. ფესტივალში ადგილობრივმა ფოლკლორულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

გურჯაანის შემდეგ კვირეულმა კახეთის დედაქალაქ თელავში გადაინაცვლა, ფესტივალზე „თელავინო 2017“ წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმნენ. მინისტრის მოადგილემ კახეთის რეგიონის მოსახლეობას 2017 წლის წარმატებული რთველი მიულოცა.

„ქართული ღვინის კვირეული“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]