weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

კახა კალაძე – ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით

13:08 ორშაბათი, 15 მაისი 2017 hits 1875

„ჩვენ ვისმენთ ცილისმწამებლურ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს. თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთიულეთში, სოფელ მუგუდაში გამართულ აქციას.

„ქსანი-სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან გარკვეული დესტრუქციული ძალები, ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების, არამედ ზოგადად ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ ამ ადამიანების მხრიდან ცილისწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ თავისი დეზინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში.

ალბათ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ იხილა კადრები, როდესაც სოფელ მუგუდაში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი ტიროდა თავის გარდაცვლილ შვილს, თითქოს ჩვენ მისი შვილის საფლავის გათხრა დავიწყეთ. ეს ქალბატონი გახლავთ ნინო წიკლაური. მას მართლაც ჰყავს შვილი გარდაცვლილი აფხაზეთის ომში. ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით. ეს ქალბატონი, რომელიც იმყოფებოდა სოფელ მუგუდაში და ტიროდა, რომ თავისი შვილი იქ არის დამარხული, არის არასწორი ინფორმაცია. ეს ქალბატონი ცხოვრობს სოფელ ხანდოში და მისი გარდაცვლილი შვილი არის დაკრძალული სოფელ ხანდოს წინამარხის სასაფლაოზე. ესენი არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობის აბუნტებას, შეცდომაში შეყვანას და ასეთი შვილმკვდარი დედის გამოყენებას ცდილობენ საკუთარი მიზნებისთვის. ეს არის ამორარული, უზნეო საქციელი ამ დესტრუქციული ძალების მხრიდან“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი მთიულეთში ათამდე სოფელს კვეთს. გეგმის მიხედვით, ჭართალში ანძები სახლებიდან 30-40 მეტრითაა დაშორებული. სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია ოკუპირებული ახალგორის რაიონი. ადგილობრივები შიშობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისა და მოსალოდნელი დაავადებების რისკის გამო, ჭართალი მოსახლეობისგან დაიცლება, მიტოვებული ადგილები კი შესაძლოა რუსმა სამხედროებმა დაიკავონ.

მუგუდაში ანძის მშენებლობა სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ახალი საფლავებიდან მშენებარე ანძა რამდენიმე მეტრშია, ირგვლივ კი მე-19 საუკუნის საფლავებია. მუგუდაში გამართული აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ანძისთვის ადგილის თხრისას, შესაძლოა ძველი საფლავები ან სრულად განადგურდეს ან დაზიანდეს - მათი პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. 13 მაისს გამართულ აქციაში დაახლოებით 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნით სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა ასზე მეტი პოლიციელის და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, სამუშაოები განახლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]