weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

13:11 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017
ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ ფოტო © Mtisambebi.ge

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხანდოს ხეობაში 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. 200–მდე ადგილობრივი ბავშვებთან ერთად იმ ტექნიკის შეჩერებას ცდილობს, რომლითაც გზის გაჭრა მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს ტექნიკის შეჩერების შესაძლებლობას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ტრაქტორები მთას ჭრიან რომ გზა გაიყვანონ და მაღალი ძაბვის ხაზების გასაყვანად ანძები დადგან. „ხომ შეუძლიათ რომ ზემოთ აწიონ და სოფელს მოაცილონ, პირდაპირ სახლების სახურავებზე რომ გადმოჰყავთ. ვაპროტესტებთ და პოლიცია გვემუქრება, დაგიჭერთო. რატომ უნდა დაგვიჭირონ? ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ, რომ პროექტი არ განახორციელონ, მოგვაცილონ ცოტა რომ უსაფრთხოდ ვიცხოვროთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივების თქმით, მაღალი ძაბვის ხაზი საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს, რამდენიმე მეტრში უნდა გაიყვანონ, რაც მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება ხელს უწყობს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიც არის ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, ტვინის სიმსივნე, იმუნური სისტემის დაქვეითება, თავის ტკივილი, მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, ემბრიონის გარდაცვალება და სხვა.

ამასთან, ადგილობრივები შიშობენ, რომ მთაზე გზის გაჭრის სამუშაოები ხელს შეუწყობს მეწყერების გააქტიურებას და საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს პირდაპირ ზიანს მიაყენებს.

500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი პროექტის მიხედვით მთიულეთის და ხევის ტერიტორიაზე გადის. ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. მშენებლობის პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგოტრანსი“ და ფინურ-ინდური კონსორციუმი - ELEL-EMC-ს ახორციელებს. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მილიონი ევროთი აფინანსებს.

ხაზის მშენებლობის მარშრუტი რომ შეიცვალოს და დასახლებულ პუნქტებს დააშორონ, ამ მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე გაიმართა აქცია სნოს ხეობაში, ფასანაურსა და რამდენიმე დღის წინ თბილისში.

„ამ მონაკვეთზე (იგულისხმება ხანდო–ფასანაურის მონაკვეთი) მშენებლობა არ განხორციელდება, რადგან ჩვენ ჩვენი კონტრაქტორისგან, რომელიც პროექტის ავტორია, ველოდებით სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომელიც არის გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი და რისკების შემცირების ღონისძიებები. სანამ ეს არ იქნება, მშენებლობა არ დაიწყება. ეს ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის. ფასანაურთან ეს ხაზი გადის 56 მეტრში ერთი მოსახლისგან, მეორე მოსახლისგან კი დაშორებულია 34 მეტრით. განაპირა სახლიდან ხაზამდე უნდა იყოს 30 მეტრი. ყველა საპროექტო ნორმა დაცულია“, – აცხადებს „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილე ჯემალ ახალაია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]